„ორუელისეული ნონსენსი?" - ჩინეთმა კომპანიებს ბიზნესის წარმოების „საფასური" დაუსახელა 
ჩინეთმა კომპანიებს ბიზნესის წარმოების საფასური დაუსახელა. ნებისმიერი ფირმას, რომელიც ტაივანს, ჰონგ-კონგს ან მაკაუსა ჩინეთის ნაწილად არ განიხილავს, პრობლემები შეექმნება. 


ჩინეთი ავტონომიურ ტაივანს თავის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს, ხოლო ჰონგ-კონგი და მაკაუ მისი სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონებია.

ქვეყნის მთავრობამ 30-ზე მეტ ავიაკომპანიას, მათ შორის აშშ-ს ავიახაზებსაც, განუცხადა, რომ წაშალოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელშიც ტაივანი, ჰონგ-კონგი,  მაკაუ ან ტიბეტი  ჩინეთის ნაწილად არ არიან აღიარებულნი.

თეთრ სახლში აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურნენ და მას  „ორუელისეულ ნონსენსი" უწოდეს. 


იანვარში ჩინეთმა სასტუმროების ქსელ  „მარიოტის"  ვებსაიტი და აპლიკაცია ერთი კვირით დაბლოკა, რადგან მათ ელ-ფოსტაში ტაივანი, ჰონგ-კონგი, მაკაუ და ტიბეტი ცალკეულ ქვეყნებად ჰქონდათ აღნიშნული. მსგავსი პრობლემები ჰქონდათ ავიაკომპანია „დელტასა" და კომპანია „ზარას". 

ექსპერტების თქმით, ჩინეთი ამ მიმართულებით მონიტორინგის გაძლიერებას გეგმავს, რასაც გავლენიანმა ეკონომისტმა ნკოლას ლადმა „შემაშფოთებელი გარემო" უწოდა. 

თუმცა ეს არაა ერთადერთი კომპრომისი, რომელზე წასვლაც ჩინეთში ბიზნესით დაინტერესებულ კომპანიებს მოუწევთ. 

2017 წლის ივნისში ჩინეთმა დაამტკიცა კანონი, რომელიც სატრანსფერო მონაცემთა გადაცემას მკაცრად ზღუდავდა. მთავრობის განცხადებით, კანონი მიმართული იყო ქვეყნის კიბერუსაფრთხოებისკენ

კანონის დასაცავად კი უამრავ უცხოურ კომპანიას არაერთი ცვლილების  განხორციელება მოუწია, მათ შორის „ეფლსა" და „ამაზონს".  

ზოგ სექტორში ბეიჯინგი უცხოურ კომპანიებს წარმოების ნებას იმ შემთხვევაში რთავს, თუ ისინი ერთობლივ საწარმოს შექმნიან, რომელშიც ჩინელი პარტნიორები აქციების უმეტეს წილს ფლობენ.

ისეთი გიგანტური ავტოკომპანიები, როგორებიცაა „ჯენერალ მოტორსი", „ფოლკსვაგენი" და „ტოიოტა", ადგილობრივ მწარმოებლებთან არიან  დაკავშირებულნი. ამ გზით ისინი მანქანების იმპორტის მაღალი ტარიფებისგან თავისუფლდებიან.

ერთობლივ საწარმოებთან დაკავშირებული მოთხოვნები აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომის ერთ-ერთი საკამათო საკითხი იყო. აშშ-ს მთავრობის თქმით, უცხოური კომპანიები იძულებულნი არიან ჩინელ პარტნიორებს თავიანთი ტექნოლოგიები გაუზიარონ, რაც ინტელექტუალურ საკუთრების ხელყოფას იწვევს.

აღსანიშნავია, რომ ამ მიმართულებით პოზიტიური ცვლილებები შეინიშნება. ანალიტიკოსების აზრით, ივნისის ბოლოსთვის ჩინეთის სახალხო ბანკი უცხოური ინვესტიციების გაფართოებასა და მათ მიერ აქტივების მართვას შეუწყობს ხელს. 


ცენტრალური ბანკი უცხოურ კომპანიებს ასევე ფირმების აქციების უმრავლესობის (51%-მდე) ფლობის საშუალებას მისცემს. თუმცა ეს შეეხება კომპანიებს, რომლებიც ფასიანი ქაღალდების, კაპიტალის მენეჯმენტის, ფიუჩერსისა და სიცოცხლის დაზღვევის სფეროებში მოღვაწეობენ. 

თარიღი: 2018/05/16