რას ითვალისწინებს ახალი საბაჟო კოდექსი
ფინანსთა მინისტრმა ახალი საბაჟო კოდექსის პროექტის პრეზენტაცია გამართა. ივანე მაჭავარიანმა პროექტით გათვალისწინებული სიახლეები ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში გააცნო.

2019 წლიდან საქართველოს საბაჟო სფეროში ევროპული კანონმდებლობა ექნება.

სამინისტრომ პროექტზე მუშაობა დაასრულა. ის სრულად პასუხობს ევროკავშირის სტანდარტებს, რაც მნიშვნელოვანი სტიმული გახდება ევროკავშირიდან ინვესტიციების მოსაზიდად და ხელს შეუწყობს ქართული ბიზნესის ინტეგრაციას ევროკავშირის ბაზარზე.

პროექტი ითვალისწინებს მნიშვნელოვან სიახლეებს საბაჟო პროცედურების გამარტივების მიმართულებით:

  • შემოდის მარტივი გაფორმების ახალი წესები და დეკლარირების ფორმები;
  • იქმნება გადახდილი იმპორტის გადასახადის დაბრუნების შესაძლებლობა;
  • საბაჟო გადაწყვეტილების მიღების დროს, მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული მეწარმის ინტერესები;
  • ბიზნესის გათვალისწინებით, შესაძლებელი იქნება გარანტიის ახალი სახის (თავდებობა) გამოყენება;
  • იქმნება მნიშვნელოვანი წინაპირობა, ბიზნესმა გამარტივებული საბაჟო პროცედურებით ისარგებლოს ევროკავშირსა და სხვა ქვეყნებში;
  • ამასთან, საბაჟო კანონმდებლობაში შენარჩუნდება ყველა ის პოზიტიური ცვლილება, რაც რეფორმების შედეგად განხორციელდა საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებების ერთიანი/გამარტივებული ადმინისტრირების მიმართულებით, მათ შორისაა: გადასახადის გადამხდელის ერთიანი ბარათი (საგადასახადო და საბაჟო), „სივრცეში“ და „საზღვარზე“ არსებული ზედმეტობის ურთიერთჩათვლა, ერთიანის სახაზინო კოდი საგადასახადო/საბაჟო ვალდებულების შესასრულებლად, გასაჩივრებისა და საგადასახადო შეთანხმების ერთიანი სისტემა.
ახალი კოდექსის ამოქმედების შემდეგ, საქართველო იქნება პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც თანამედროვე საბაჟო ინფრასტრუქტურასთან ერთად, ახალი საბაჟო კანონმდებლობითაც სრულად უპასუხებს ევროსტანდარტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებაში.

ავტორი:
თარიღი: 2018/09/10