საპენსიო რეფორმას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" ხელძღვანელი საპენსიო რეფორმას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

გიორგი მშვენიერაძის თქმით, დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის ხელფასის 2 %-ის საპენსიო ფონდში გადარიცხვის ვალდებულების დაკისრება იურიდიული პირებისთვის ახალი გადასახადის შემოღებას და მათ საკუთრების უფლებაში ჩარევას ნიშნავს; ფიზიკური პირისთვის საკუთარი კეთილდღეობის მოტივით მისივე უფლების შეზღუდვა კი სამართლებრივი ნონსენსია. 

რაც შეეხება სახელმწიფოს მიერ საშემოსავლო გადასახადიდან მიღებული 2 %-ის ცენტრალური ბიუჯეტის ნაცვლად მოქალაქეთა საპენსიო ფონდში მიმართვას, როდესაც სახელმწიფო 2 %-ით აფინანსებს იმ ადამიანებს, რომლებსაც მეტი შემოსავალი აქვთ, ეს არის თანასწორობის დარღვევა, რადგან სახელმწიფომ თავისი რესურსები უნდა მიმართოს იმ პირების სასიკეთოდ, რომლებსაც ეს რესურსები ყველაზე მეტად სჭირდებათ.

საკონსტიტუციო სარჩელს შესაძლოა კოლექტიური სახე ჰქონდეს.

სისტემის ამოქმედება - საპენსიო დანაზოგების შეგროვების და კონტრიბუციის ეტაპი 2019 წლის 1 იანვრიდან დაიწყება.
ავტორი:
თარიღი: 2018/09/10