ქართული ექსპორტიორი კომპანიებისთვის ვებპლატფორმა შეიქმნა
სააგენტომ "აწარმოე საქართველოში" ონლაინ პლატფორმა www.tradewithgeorgia.com წარადგინა - ქართველი მეწარმეები და სერვისის მიმწოდებლები დარეგისტრირდებიან და პროდუქცია-სერვისებს უცხოელ პოტენციურ პარტნიორებს გააცნობენ.

ვებგვერდის მიზანია, ქართული ნაწარმით და სერვისით დაინტერესებული პირებისთვის (უცხოელი იმპორტიორი, სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები და ა. შ.) ქართულ საექსპორტო პროდუქტებსა და სერვისებზე წვდომა გამარტივდეს.

"ეს არის ერთ-ერთი ის ინსტრუმენტი, რომელსაც ექსპორტიორ კომპანიებს ვთავაზობთ. ამით არ შემოვიფარგლებით. მიმდინარეობს ექსპორტიორი კომპანიების კატეგორიზაცია საჭიროებების მიხედვით. ყველა კომპანიას ერთი და იგივე მოთხოვნები არ აქვს. ყველა ტრენინგი და ხელშეწყობის პროგრამა რელევანტური და მორგებული უნდა იყოს კონკრეტულ ექსპორტიორ კომპანიებზე. ვებგვერდზე ჩაშენდება ექსპორტის მზაობის ტესტი, რომლის გავლის შემდეგ ექსპორტიორი კომპანია გაიგებს, რამდენად მზად არის ის ექსპორტისთვის. თუ პასუხი იქნება, რომ მზად არის, შესაბამისი სასერტიფიკატო კურსებს და საგანმანათლებლო მასალას შევთავაზებთ", - განმარტა სააგენტოს ხელმძღვანელმა, მიხეილ ხიდურელმა.

ავტორი:
თარიღი: 2018/09/18