როდესაც თანამშრომელს წასვლა სურს 
კომპანიისთვის თანამშრომლები ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლია. როგორც წესი, კარგი კადრის გადმობირებაზე, ან შენარჩუნებაზე მენეჯერები ბევრს მუშაობენ. თუკი ერთ-ერთმა ასეთმა კადრმა სამსახურიდან წასვლა გადაწყვიტა ეს კომპანიაზე აუცილებლად აისახება, ხოლო თუ კონკურენტ ფირმაში წავიდა, შესაძლოა, გაცილებით მძიმე შედეგები მოყვეს.

იმისთვის, რომ ხელმძღვანელმა თავიდან აიცილოს კარგი კადრების გადინება, მას Harvard Business Review-ს რჩევები გამოადგება: 

ეძებეთ რეალური მიზეზი 

თანამშრომელმა შესაძლოა წასვლის მიზეზად ერთი რამ დაასახელოს, მაგრამ სინამდვილეში სულ სხვა რამის გამო მიდიოდეს. ეცადეთ, რეალური მიზეზი გაიგოთ. თუკი არ გეცოდინებათ პრობლემის არსი, ბუნებრივია, მას ვერ მოაგვარებთ. ამის დადგენის საუკეთესო გზაა გულწრფელად ესაუბროთ თქვენს თანამშრომელს. უთხარით, რომ სიტუაციაში გარკვევის შემთხვევაში მოგვარებას მაქსიმალურად ეცდებით. 

პრობლემის გადაჭრა 

პრობლემის დადგენის შემდეგ თქვენ უნდა დაიწყოთ იმაზე ფიქრი, როგორ მოაგვაროთ. თანამშრომლის სამსახურიდან წასვლის მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს, ყველაზე ხშირად კი შემდეგი მოტივით მიდიან: 

სხვა კომპანიისგან შეთავაზებული მაღალი ანაზღაურება

უფრო მაღალ თანამდებობაზე გადასვლა

პროფესიული ზრდისა და მეტი გამოცდილებისთვის სამუშაო გარემოს ცვლილება 

დისკომფორტი სამსახურში 

თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზის მოგვარება, ბუნებრივია, მეტ-ნაკლებად შესაძლებელია. ამისთვის აუცილებელია თანამშრომელს მეტი მოტივაცია მისცეთ. მაგალითად, თუკი ის უფრო მეტი ანაზღაურების გამო გადადის სხვა კომპანიაში, შესაძლოა, ანალოგიურ ხელფასი თქვენც შესთავაზოთ. თუკი მიზეზი მხოლოდ ესაა, ხშირად თანამშრომლები დარჩენას ამჯობინებენ. თუ ვერ ახერხებთ ანაზღაურების გაზრდა, შესთავაზეთ ბონუსსისტემა და უკეთესი სამუშაო გრაფიკი. 

მაღალ თანამდებობაზე გადასვლა კარიერის ზრდით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანისთვის მნიშვნელოვანია მოტივაციაა. თუკი თქვენ არ შეგიძლიათ იგივე შესთავაზოთ თანამშრომელს, შეიძლება ეს პრობლემა კვალიფიკაციის ამაღლებით მოაგვაროთ, ანუ, შესთავაზეთ მას სხვდასხვა ტრენინგისა და სემინარის გავლა. შესაძლოა, არა ერთმა თანამშრომელმა გააკეთოს არჩევანი კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიულ ზრდაზე, რადგან უმეტესობას გააზრებული აქვს, რომ მაღალი თანამდებობა მეტ გამოცდილებას და პასუხისმგებლობასაც მოითხოვს და თუ ამისთვის მართლა მზად არ არის, შესაძლოა, კარიერის საფასურადაც დაუჯდეს. 

ყველაზე რთულად მოსაგვარებელი მაინც მესამე საკითხია, რადგან ამ შემთხვევაში თანამშრომელი უბრალოდ ფიქრობს, რომ თქვენს კომპანიაში განვითარების შესაძლებლობა ამოწურა. ასეთ დროს შეიძლება მას დამატებითი გამოწვევა შესთავაზოთ. ის, რაც მანამდე მას არ გაუკეთებია. ასევე შესაძლოა, ზემოთ ნახსენები ტრენინგებისა და კურსების გავლა შესთავაზოთ, ანდა ფინანსური მოტივაციით სცადოთ მისი შენარჩუნება. 

სამუშაო გარემოში არსებული დისკომფორტი არა ერთ თანამშრომელს უბიძგებს ხოლმე წასვლაზე. ეცადეთ, გაარკვიოთ კონკრეტულად რა ქმნის პრობლემას. შესაძლოა ეს იყოს როგორც უშუალოდ კოლექტივს შორის არსებული ურთიერთობა, ასევე ლიდერშიფთან შეუთანხმებლობა. ძალიან ხშირად თანამშრომლები დისკომფორტს იმ კომპანიაში განიცდიან, სადაც მათ შესაძლებლობებს და მათ შრომას ვერ ხედავენ. ყველა კარგმა ლიდერმა იცის, საკუთარი სტაფის რეალური შესაძლებლობები, ამიტომ როდესაც თანამშრომელი რთული დავალებას შეასრულებს, ანდა არსებულ პრობლემას მარტივად გადაჭრის, ამის აღნიშვნა არ უნდა დაგავიწყდეთ. შეაქეთ ის საჯაროდ, ასევე წაახალისეთ მატერიალურად ანდა, სხვა სახის საჩუქრით. 

ყველაფერ ამასთან ერთად, იმისთვის, რომ თანამშრომელს წასვლის სურვილი არ გაუჩნდეს უნდა ეცადოთ მას კომპანია შეაყვაროთ

თარიღი: 2018/09/21