შეცდომები, რომლებსაც პოტენციურ დამსაქმებელთან ვუშვებთ 
ზოგჯერ ადამიანები რჩებიან იმედგაცრუებულები, რადგან ამა თუ იმ კომპანიაში არ აიყვანეს. გარდა იმისა, რომ შესაძლოა არჩევანი უბრალოდ უკეთეს კადრზე შეჩერდა, შესაძლოა, პრობლემა სხვა რამეშიც იყოს. უფრო კონკრეტულად კი იმ შეცდომებში, რომლებიც თქვენ დაუშვით. 

შეცდომების დაშვება ჯერ კიდევ რეზიუმეს შევსებიდან იწყება, თუმცა ეს სხვა დროს განვიხილოთ.  ახლა ვისაუბროთ იმ შეცდომებზე, რომლებიც მისი გაგზავნის შემდეგ დაუშვით: 

გადავდოთ... 

გასაუბრების თარიღის ცვლილებაზე საუბარი ძალიან საფრთხილო საკითხია. არ უთხრათ პოტენციურ დამსაქმებელს: „თუ შეიძლება გადავდოთ", „იქნებ მე სხვა დროს დამიბაროთ" . ბუნევბრივია, შესაძლოა, მართლაც გამოუვალ სიტუაციაში ხართ, იმ დროს როდესაც გასაუბრება ჩაგინიშნეს, მისვლას ვერანაირად ვერ ახერხებთ. ასეთ დროს ეცადეთ ეს კითხვა დასვათ შემდეგი ფორმულირებით: "გასაუბრება მხოლოდ ამ დროს ტარდება?" შეიძლება, იფიქროთ, რომ ეს შინაარსობრივად ერთ და იგივეა, თუმცა მათი ფორმის განსხვავების გამო, თქვენ შეიძლება ავტომატურად მიიღოთ სხვა დროს დაბარების შემოთავაზება. 

დათანხმება და შემდეგ გადადება

„გამარჯობა, თქვენთან გასაუბრებაზე ვარ დაბარებული ნახევარსააათში, ვერ ვახერხებ და თუ შეიძლება სხვა დროს მოსვლა?" - ასე მოქცევის შემთხვევაში, ბუნებრივია, დამსახურებულ უარს მიიღებთ. 



საკუთარი თავის შეხსენება 

თუკი ზარს ელოდით და არ დაგირეკეს, არ შეახსენოთ თავი. არც ერთი დამსაქმებელი არ ჩაგითვლით კარგ ტონად, საკუთარი რეზიუმესთვის გადახედვაზე მინიშნებას. პირიქით, ეს უარყოფით გავლენას იქონიებს და შესაძლოა, თქვენთან გასაუბრებაც გადააფიქრებინოს. გაითვალისწინეთ, რომ მიუხედავად იმისა, დიდია კომპანია თუ მცირე, შესაძლოა, ბევრი განცხადება შევიდა. 

დაგვიანება 

გასაუბრებაზე დაგვიანება უკვე მიანიშნებს თქვენს არაპუნქტუალობაზე, რაც დიდი ალბათობით, ძალიან უარყოფითად აისახება. 


ეს ერთი შეხედვით ელემენტარული შეცდომებია, თუმცა საკმოდ ხშირად დაშვებული, რომელთა გამო, შესაძლოა ადამიანმა წინსვლის დიდი შანსი, ან ოცნების სამსახურიც კი დაკარგოს. რაც შეეხება რეზიუმეს შევსებისას და უშუალოდ გასაუბრებაზე დაშვებულ შეცდომებს, ამას შემდეგ პუბლიკაციებში შემოგთავაზებთ. 

თარიღი: 2018/09/25