საქართველოს გერმანელ ბიზნესმენთა დელეგაცია ეწვევა
გერმანიაში, მაინის ფრანკფურტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს საპარლამენტო მდივან ნორბერტ ბარტლისთან ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილა.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აღნიშნული ვიზიტის დროს საქართველოსა და გერმანიის პირველი პირების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ყოველწლიურად ერთობლივი სამუშაო ჯგუფების შეხვედრას ითვალისწინებს.

“აღინიშნა, რომ 2019 წლის პირველ კვარტალში აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს დელეგაცია ბიზნესმენთა წარმომადგენლობით ჯგუფთან ერთად ეწვევა.

დადებითად შეფასდა საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობა ორმხრივი ვაჭრობის, ინვესტიციებისა და სხვა მიმართულებით. ხაზი გაესვა დადებითი ზრდის დინამიკას, რომელიც სახეზეა ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის კუთხით. კერძოდ, 2018 წელს ექსპორტი 32 პროცენტითაა გაზრდილი, რასაც ხელს უწყობს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (DCFTA) მოქმედება.

ასევე ხაზი გაესვა იმ მნიშვნელოვან მხარდაჭერას, რომელსაც გერმანია უწევს საქართველოს რეფორმების განხორციელების კუთხით.

შეხვედრაზე პოზიტიური შეფასება მიეცა გერმანიაში, ფრანკფურტის საერთაშორისო წიგნის ბაზრობაზე  საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსის მინიჭებას, რომელიც გერმანიაში ფართო აუდიტორიას მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას საქართველოს შესახებ და გააღრმავებს ქართველ და გერმანელ ხალხთა შორის კავშირს.”- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორი:
თარიღი: 2018/10/12