ხელისუფლების წარმომადგენლები თხილის მწარმოებლებსა და ექსპორტიორებს შეხვდნენ
საექსპორტო თხილის ლაბორატორიული კვლევების მაჩვენებლებსა და კრიტერიუმებზე იმსჯელეს თხილის მწარმოებლებთან და ექსპორტიორებთან შეხვედრაზე ანაკლიაში.

შეხვედრა სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა და სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია ესწრებოდნენ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა , დარგის წარმომადგენლებს მიაწოდეს ინფორმაცია თხილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებიდან გამომდინარე შემუშავებულ პროექტზე , რომლის მიხედვითავ განისაზღვრება საექსპორტო თხილის ლაბორატორიული კვლევის მაჩვენებლები, სიხშირე და კრიტერიუმები.

„პროდუქციის ხარისხის და უვნებლობის მაჩვენებლების უზრუნველყოფის მიზნით, სააგენტოს მიერ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოდან ექსპორტირებული თხილის კონკურენტუნარიანობის გაზრდას და საერთაშორისო ბაზრებზე მყარი პოზიციების შენარჩუნებას“-განაცხადა გიორგი იაკობაშვილმა.


მეთხილეობის დარგის წარმომადგენლებთან შეხვედრა საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის(G-HIP) მხარდაჭერით ჩატარდა. 


ექსპორტისთვის განკუთვნილი გაუტეხავი თხილის (თხილი ნაჭუჭით), თხილის გულის და გადამუშავებული თხილის გულის, ტექნიკურ რეგლამენტთან ან დეკლარირებულ სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლს სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს. 

 

ავტორი:
თარიღი: 2018/10/13