თურქეთს სავალუტო კოლაფსი ეკონომიკური კრიზის საფრთხის წინაშე აყენებს
თურქეთი თავისი ვალუტის კოლაფსის შესაჩერებლად განსაკუთრებული ღონისძიებების გატარებას ცდილობს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა არჩევნების წინ ეკონომიკური კრიზისის წინაშე აღმოჩნდება.

წლის დასაწყისში ლირა დოლართან მიმართებაში 20%-ით გაუარესდა. რაც ინვესტორების მიერ განვითარებადი ბაზრებიდან გასვლამ გამოიწვია. 

მიმდინარე თვის დასაწყისში სავალუტო კრიზისი კიდევ უფრო გამწვავდა, როდესაც თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ საპროცენტო განაკვეთებზე, რაც, მისივე თქმით, „ყოველგვარი ბოროტების საწყისია", კონტროლის დაწესება უნდა. 

პრეზიდენტის განცხადების საპასუხოდ, ინვესტორებმა ლირის წინააღმდეგ „გაილაშქრეს“ და შედეგად, ლირის ღირებულება 20 ამერიკულ ცენტზე მცირე გახდა. 

პარალელურად, თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი 13.5%-დან 16.5%-მდე გაზარდა.
ქვეყანაში ინფლაცია უკვე 11%-ით არის გაზრდილი. ამჟამინდელი ვალუტის დინამიკა კი, ფასების მომატებას განაპირობებს. როგორც CNN-ის ჟურნალისტთან თურქეთის მოქალაქეებმა განაცხადეს, ისინი ვალუტის კრიზისის უარყოფით გავლენას უკვე გრძნობენ. 

ქვეყანა ყოველწლიურად ასობით მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელს, მათ შორის მანქანებს, ტანსაცმელსა და მაცივრებს აწარმოებს. ლირის გაუფასურების გამო კი, ეს საქონელი დღითიდღე უფრო ძვირდება. 

სიტუაციის ასე გართულების შემდეგ, ერდოღანმა, რომელიც 24 ივნისის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, როგორც ჩანს, თავისი მუქარა უკან წაიღო და მონეტარულ პოლიტიკაში ჩარევას აღარ აპირებს.

„თურქეთი თავისუფალი ბაზრის ყველა წესს გაითვალისწინებს“ - განაცხადა თურქეთის პრეზიდნტმა.

შვეიცარიის ბანკის ბაზრის მთავარმა სტრატეგისტმა, პერ ჰამარლუდმა, ერდოღანის საპასუხოდ განაცხადა, რომ პოლიტიკურ ლიდერებს მოუწევთ შეეგუონ, რომ მონეტარული პოლიტიკა მათ მიერ არ განისაზღვრება.

ერდოღანის განცხადებით, თუ ვადამდელ არჩევნებში მას ისევ დაუჭერენ მხარს, მისი მთავრობა ინფლაციის შესამცირებლად აუცილებელად გადადგამს შესაბამის ნაბიჯებს და ფინანსურ სტაბილურობა ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება.





თარიღი: 2018/05/26