4 რჩევა სტუდენტებს, რომლებსაც საკუთარი ბიზნესის აწყობა სურთ
თანამედროვე ტექნოლოგიების სამყაროში სტუდენტობის პერიოდი საუკეთესო დროა საკუთარი ბიზნესის წამოსაწყებად. ამის კარგი მაგალითია ისეთი სერიოზული კომპანიები, როგორიცაა Google, Facebook და Microsoft, რომლებიც სტუდენტების მიერ იყო დაფუძნებული. გარისკვა მაშინაც შედეგიანი იქნება, თუ ბიზნესი წარუმატებელი გამოდგა - თქვენ საკმარის გამოცდილებას შეიძენთ იმისთვის, რომ ბევრად უფრო წარმატებულად მართოთ თქვენ მიერ დაფუძნებული მომდევნო ორგანიზაცია.

გამოიყენეთ სტუდენტური სტატუსი

საუკეთესო გზა, შეიძინო საჭირო ცოდნა, არის პირდაპირი კომუნიკაცია იმ ადამიანებთან, რომლებმაც უკვე მიაღწიეს წარმატებას თქვენ მიერ არჩეულ სფეროში. როდესაც  კონკრეტული ორგანიზაციის კონკურენტი გახდებით, მისი ხელმძღვანელობა საიდუმლოს ძნელად გაგიმხელთ, მაგრამ სტუდენტის სტატუსი ამ ბარიერს მოგიხსნით. როდესაც კომპანიის მფლობელებს სჭირდებათ რჩევა, ისინი მიმართავენ სხვებს და იხდიან ფულს ამისთვის.   თქვენ კი სრულიად უფასოდ გეძლევათ შესაძლებლობა, ავტორიტეტული კომპანიებისგან მიიღოთ თქვენთვის საჭირო და მნიშვნელოვანი ცოდნა. ამისთვის  შეგიძლიათ გამოიყენოთ სადიპლომო სამუშაოები, სტაჟირებები და ა.შ. გარდა ამისა, უნივერსიტეტში მუშაობენ გამოცდილი ექსპერტები, რომლებიც უფასოდ გაგიზიარებენ საჭირო ინფორმაციას. გაქვთ შესაძლებლობა ასევე უფასოდ დაესწროთ გარკვეულ ღონისძიებებს, ლექციებს, სემინარებს და სხვადასხვა ტრენინგებსაც კი. შესაძლოა, თქვენი უნივერსიტეტი დაამთავრა რომელიმე წარმატებულმა ბიზნესმენმაც და მასთან თქვენი კავშირი დეკანატის მიერ იქნას უზრუნველყოფილი და ა.შ. არ დაივიწყოთ არც ერთობლივი პროექტებისა და დავალებების შესახებ, რომლის შესრულებაც მოგიწევთ ყოველდღიურ რეჟიში.

სანამ ხელმძღვანელობას დაიწყებ, გახდი რიგითი თანამშრომელი

ორგანიზაციის აწყობა რთულია. ამიტომ მნიშვნელოვანია, მიიღოთ გამოცდილება იმ ადამიანებისგან, რომლებსაც ამ მიმართულებით თქვენზე მეტი ცოდნა აქვთ.  სამუშაო არა მარტო soft skills-ების ათვისებაში, არამედ საკუთარი კომპანიის მართვისთვის საჭირო უნარების შეძენაშიც დაგეხმარებათ. თქვენ დაგჭირდებათ მეტი გამოცდილება გაყიდვებში, მარკეტინგში, მოლაპარაკებების წარმოებასა და მართვის  ხელოვნებაში. სამუშაო ფასეული გამოცდილების შეძენაში დაგეხმარებათ. როგორიც არ უნდა იყოს ის, თქვენ მაინც ძალიან ბევრ რამეს ისწავლით.

გამოიყენეთ უფასო რესურსები სწავლისა და დაგეგვისთვის

ფაქტობრივად, უნივერსიტეტი ფარავს ყველა ხარჯს, რომელიც ზედმეტად დიდი შეიძლება აღმოჩნდეს სტარტაპისთვის. თქვენ გაქვთ წვდომა ბევრ საბიუჯეტო ან/და უფასო რესურსთან, რომლისთვისაც ბევრი დამწყები ბიზნესმენი საკმაოდ სოლიდურ თანხას გადაიხდის. არსებობს ასევე უამრავი ბიზნესფორუმი და ჯგუფი, სადაც საბაზო ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობა გექნებათ. ბიზნესის ზრდასთან ერთად ბევრი გაუთვალისწინებელი პრობლემის წინაშე დადგებით. მაგრამ სტუდენტურ წლებში შეგიძლიათ მრავალი ინსტრუმეტისა და რესურის გარემოცვაში მოექცეთ, რომლებიც სწორი მიმართულებისკენ მიგითითებენ. ნუ გააჭიანურებთ ურთიერთობების აწყობას. უმეტესწილად სწორედ ურთიერთობები აგარიდებენ თავიდან ასეთ პრობლემებს.

მარკეტინგი - ეს მნიშვნელოვანია

მარკეტინგი ციფრულ ეპოქაში ბევრად იაფი და მარტივია. ეს კიდევ ერთი სფეროა, რომელშიც თქვენი თანაკურსელები დაგეხმარებიან. დღეს თითქმის ყველა სოციალური ქსელების მომხმარებელია და მრავალი კომპანია სწორედ ამ მიმართულებით ამისამართებს თანხას. თქვენ გაქვთ საშუალება, მოახდინოთ საკუთარი თავისა და ბიზნესის რეკლამირება აბსოლუტურად უფასოდ მეგობრების დახმარებით. ძალიან იაფია კომპანიის ვებსაიტის აგებაც. ამისთვის ციფრული ტექნოლოგიების ექსპერტობა სულაც არ არის აუცილებელი. შეგიძლიათ დახმარებისთვის ისევ ნაცნობ-მეგობრებს მიმართოთ. ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულების სტუდენტი დიდი სიამოვნებით დაგეხმარებათ ამაში. მას ეს რომელიმე პროექტშიც წაადგება და გამოცდილებას თვითონაც შეიძენს.

უნივერსიტეტი გთავაზობთ არა მარტო შესაძლებლობების დიდ არჩევანს წარმატებული კომპანიის ასაწყობად, არამედ ხარჯების მინიმიზირებას. თუ თქვენ არ გამოგივათ პირველ ჯერზე, ეს პრობლემა არაა. თქვენ უნივერსიტეტის დახმარებით, უფასო რესურსების გამოყენებით, შეძლებთ სიტუაციიდან ვალების გარეშე გამოსვლას. თუ შედეგი მოლოდინთან თანხვედრაში არ მოვა, არაფერია -  ცუდი გამოცდილებაც ხომ გამოცდილებაა?!

 

წყარო: medium.com

ავტორი:
თარიღი: 2018/10/18