ილია ელოშვილი: საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო ღრმავდება
თბილისის მერის მოადგილე, ილია ელოშვილი, საქართველო-ჩინეთის ინვესტირებისა და თანამშრომლობის სემინარს დაესწრო. ღონისძიების მონაწილეებმა საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

 მხარეებმა ექსპორტ-იმპორტის გაზრდისა და საქართველოში ინვესტიციების განხორციელების  შესაძლებლობებიც შეაფასეს. 

როგორც ილია ელოშვილმა აღნიშნა, საქართველოსა და ჩინეთს მრავალი  მიმართულებით, მათ შორის, ტურიზმისა და ვაჭრობის სფეროში, თანამშრომლობის გაღრმავების დიდი პოტენციალი აქვს.

 „მოხარული ვარ, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო ღრმავდება და ახალ ეტაპზე გადადის. მნიშვნელოვანია, რომ მხარეებმა სხვადასხვა მიმართულებით ერთმანეთის შესაძლებლობები უკეთ გაიცნონ. იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება“,- განაცხადა ილია ელოშვილმა.

ღონისძიების დაწყებამდე ილია ელოშვილი ჩინეთის ქალაქ იანანის გუბერნატორს, სუ სინრონგს შეხვდა და თბილისში მიმდინარე მუნიციპალურ პროექტებზე ესაუბრა. მხარეებმა თბილისსა და იანანს შორის სხვადასხვა სფეროში მჭიდრო თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების იმედი გამოთქვეს.

სემინარს ჩინეთის სამთავრობო დელეგაციის წევრები, ქართული ბიზნესწრეების, ვაჭრობის, ტურიზმისა და ეკონომიკის  სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

თარიღი: 2018/10/23