პრემიერი: ჩვენ ექსპორტზე სამჯერ მეტი იმპორტი გვაქვს საქონლით ვაჭრობის ნაწილში და ეს მწვავე სავაჭრო დეფიციტია
პრემიერმა მთავრობის სხდომის წინ  ელექტრომობილების შემოყვანასთან დაკავშირებულ ინიციატივებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ეს პროექტი უზრუნველყოფს საქართველოში ეკონომიკის მდგრადობას:

 

„ჩვენი ეკონომიკის „აქილევსის ქუსლი“ არის ძალიან მწვავე სავაჭრო დეფიციტი. ჩვენ სამჯერ მეტი იმპორტი გვაქვს საქონლით ვაჭრობის ნაწილში, ვიდრე ვახორციელებთ ექსპორტს. იმპორტის  ყველაზე დიდი რაოდენობა მოდის საწვავზე. ელექტრომობილებით ჩვენ შევძლებთ ძალიან ბევრი სიკეთის მოტანას ჩვენი ეკონომიკისთვის. ეს ნიშნავს გაუმჯობესებულ ეკოლოგიას, ამასთანავე, ეს ნიშნავს გაუმჯობესებულ მაკროეკონომიკურ გარემოს, რადგან ამ პროექტით შემცირდება სავაჭრო დეფიციტი. ჩვენ მნიშვნელოვან შეღავათებს დავაწესებთ სალიზინგო სქემებზე. მოქალაქეს, რომელსაც ჰყავს შიდაწვის ძრავიანი ავტომობილი, იმ ეკონომიის ხარჯზე, რაც ექნება საწვავის ხარჯიდან გამომდინარე, გადაიხდის ავტომობილის ღირებულებას და ფაქტობრივად, 5 წლის განმავლობაში გამოისყიდის ახალ ელექტრომობილს“, - განაცხადა პრემიერმა.

თარიღი: 2018/10/25