ცრუ განგაში - რატომ არ უნდა შეგვაშინოს პროფესიონალების რობოტებით ჩანაცვლების პროცესმა
შრომით ბაზარზე ხელოვნური ინტელექტის დამკვიდრების პროცესი გრძელდება. ადამიანების რობოტებით ჩანაცვლების ალბათობა სულ უფრო და უფრო აქტუალური და რეალური ხდება. სავარაუდოდ, უკვე უახლოეს მომავალში მრავალი სფერო რობოტების მოქმედების არეალად იქცევა. ხელოვნური ინტელექტით ისეთი პროფესიები ჩანაცვლდება,  როგორიცაა მცველები, თარჯიმნები, ოპერატორები, მდივნები და ა.შ. ადამიანებს კი არჩევანის გაკეთება მოუწევთ: მათ ტექნოლოგიურ პროგრესს ან ფეხი უნდა აუწყონ, ან ომი  გამოუცხადონ. პირველი შემთხვევა ახალი პროფესიების ათვისებას გულისხმობს, რომლის მოთხოვნაც, დიდი ალბათობით, შრომით ბაზარზე უახლოეს მომავალში დადგება.  

ხაზგასასმელია, ის ფაქტიც, რომ ხელოვნური ინტელექტი დღესდღეობით მაინც სუსტად განვითარებულად ითვლება. ეს არის ერთგვარი ალგორითმების ნაკრები, რომელიც გარკვეულ ამოცანებს მკაცრად განსაზღვრული პრინციპების ან ანალოგიის მიხედვით  ასრულებს. მათი სწორი ფუნქციონირებისთვის კი კონკრეტული პროფესიების ჩართულობაა საჭირო. ასეთ დროს ადამიანს ვერავინ ანაცვლებს. რაც არ უნდა იყოს, რობოტები ვიღაცამ უნდა ააწყოს, დააპროგრამოს, ასწავლოს და გააკონტროლოს.  აღსანიშნავია, რომ ხელოვნური ინტელექტი ჯერჯერობით მხოლოდ რუტინულ სამუშაოებს ასრულებს და მისთვის მიუწვდომელია ის, რაც ადამიანმა უნდა აკეთოს.

მომავლის პროფესიები

ექსპერტების ინფორმაციით სამომავლო პროფესიების განხილვისას საჭიროა გამოიყოს რამდენიმე ტრენდი, რომელიც უკვე ახლაა მოთხოვნადი ბაზარზე:

1. მონაცემთა მეცნიერები

ადამიანები, რომლებიც მონაცემების ანალიზს ახორციელებენ და გარკვეულ კანონზომიერებას დიდი მოცულობის ინფორმაციაში ეძებენ.  ეს არის IT ექსპერტების ახალი კატეგორია, რომლებიც რუტინულ სამუშაოებს არ ასრულებენ - ისინი ეძებენ და ამოწმებენ ახალ ალგორითმებს და ავითარებენ ხელოვნური ინტელექტის სისტემებს ახალი ამოცანების შესასრულებლად.

2. პერსონალური მედიცინის ექსპერტები

ადამიანები, რომლებიც პერსონალური მკურნალობის შეთავაზების მიზნით, სწავლობენ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ამუშავებენ მონაცემთა ბაზებს. მეცნიერების თქმით,  უახლოეს მომავალში ინდივიდუალური მედიცინა, პაციენტის ფიზიოლოგიის გათვალისწინებით, პერსონალიზირებული წამლების გამოშვებამდეც მივა, რომელიც იქვე, 3D პრინტერზე დაიბეჭდება.

3. BIM - დიზაინერები

ეს ადამიანები მშენებლობაში ახალ ერას ქმნიან, შენობების ციფრულ მოდელებს აგებენ, რომელშიც ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრის გათვალისწინება ხდება - დაწყებული შენობის სიმყარიდან, დამთავრებული ენერგოეკონომიურობამდე.

4. 3D  ბეჭდვის სპეციალისტები

ასეთი მუშახელი წარმოებაში, ისევე, როგორც სხვა სფეროებში, საკმაოდ მოთხოვნადია. მათ ფუნქციებში შედის ობიექტების მოდელირებაც.

5. დრონების ოპერატორები

ამ პროფესიის წარმომადგენლებს დამატებითი და ვირტუალური რეალობის შესაძლებლობების გამოყენება შეუძლიათ, რომ საკუთარ პასუხისმგებლობაში მოაქციონ რობოტების მართვა რთული და უშტატო ოპერაციებისთვის, ან სწავლებისა და ალგორითმების შემუშავებისთვის.

 

წყარო: forbes

თარიღი: 2018/10/26