HUB Georgia საქართველოს რკინიგზას მონოპოლიაში ადანაშაულებს
დღეს სასტუმრო „ბილტმორში“ არასამთავრობო ორგანიზაცია „HUB GEORGIA“ და დაზარალებულმა ბიზნესკომპანიებმა, რომლებიც რკინიგზით ნავთობპროდუქტების გადაზიდვებით არიან დაკავებულები, პრესკონფერენცია გამართეს.

პრესკონფერენციაზე „HUB Georgia”-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ვასო ურუშაძემ საქართველოს სარკინიგზო გადაზიდვებში არსებულ მდგომარეობებზე და პრობლემებზე ისაუბრა, მან საქართველოს რკინიგზა მონოპოლიაში დაადანაშაულა.

„დღეს საქართველოს რკინიგზა ღრმა კორუფციაშია და ჩვენ არაერთხელ გავასაჯაროებთ კონკრეტული ფაქტები, თუ როგორ ახდენდა საქართველოს რკინიგზა ხელოვნური ბარიერების შექმნით კონკურენციის შეზღუდვას და მონოპოლიის ხელშეწყობას. დავადასტურეთ, რომ ეს ყველაფერი უკავშირდებოდა კორუფციულ გარიგებებს“- განაცხადა ვასო ურუშაძემ.

„HUB Georgia”-ს გამგეობის თავმჯდომარის ლაშა ფარულავას თქმით, საქართველოს რკინიგზის მიერ შექმნილი ხელოვნური ბარიერების გამო, მათ პარტნიორ კომპანიებთან ფინანსური პრობლემები ექმნებათ. 

"სექტემბრისა და ოქტომბრის განმავლობაში არცერთ წერილზე, რომელიც იყო გაგზავნილი საქართველოს რკინიგზასთან, დღემდე არ მიგვიღია პასუხი. საქართველოს რკინიგზის გადაზიდვების ფილიალი ხელოვნურად ქმნის ბარიერს და არ გვაძლევს საშუალებას ტვირთი გადავზიდოთ და გვაყენებს მძიმე მდგომარეობაში, იქიდან  გამომდინარე რომ ჩვენ გვაქვს ვალდებულებები სომხურ კომპანიასთან და ამ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო გვექნება ფინანსური პრობლემები"-განაცხადა ლაშა ფარულავამ. 

თარიღი: 2018/10/30