ანაკლიის პორტის ტერიტორიას სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ეწვივნენ
ანაკლიის პორტის ტერიტორიას სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ეწვივნენ. საქართველოში მოქმედმა ელჩებმა და საელჩოს წარმომადგენლებმა, მათ შორის ნიდერლანდების სამეფოს, რუმინეთის, იაპონიის, თურქეთის, უკრაინის და პოლონეთის, ასევე გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში, ანაკლიის პორტის მიმდინარე მშენებლობა და ზღვის ფსკერიდან 5 მლნ კუბური მეტრი ქვიშის ამოტუმბვის მასშტაბური სამუშოები მოინახულეს.

ელჩებს ანაკლიის პორტში პროექტის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ და პორტის მენეჯმენტმა უმასპინძლეს.
როგორც იაპონიის ელჩმა საქართველოში ტადაჰარუ უეჰარამ განაცხადა, იაპონია უფრო აქტიურად ჩაერთვება ამ პროექტში:

„პირველად ვარ ანაკლიაში და ბედნიერი ვარ, რომ დეტალურად შევიტყვე ამ უნიკალური და საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პროექტის შესახებ. თუმცა, ვფიქრობ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ საერთაშორისო საზოგადოებისთვს და მათ შორის იაპონიისთვის. მჯერა, რომ ჩვენ შორის სავაჭრო ურთიერთობები გაღრმავდება და იაპონია უფრო აქტიურად ჩაერთვება ამ პროექტში“.

პროექტს ნიდერლანდების სამეფოს ელჩი საქართველოში იოჰანეს დოუმაც გამოეხმაურა:

„ანაკლიის პორტის ტერიტორიაზე უკვე მეხუთედ ვარ და ძალიან შთამბეჭდავია ეს პროგრესი რაც პორტის მშენებლობამ გაიარა. დღეს ამაყი ვარ, რადგან ეს [„ვან ოორდის“ გემი „ათენა“] ჩვენი გემია. მიხარია, რომ შეგვიძლია მონაწილეობა მივიღოთ საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში. ვიმედოვნებ, ამ პროცესში კიდევ უფრო მეტი ქვეყანა ჩაერთვება. სამომავლოდ კი ჩვენმა ქვეყანამ ანაკლიის პორტისგან სარგებელიც უნდა მიიღოს - ჩვენ ყველაზე დიდი პორტი გვაქვს და ერთმანეთის ღირსეული კონკურენტები ვიქნებით. ასევე, ერთად ვიმუშავებთ ლოგისტიკის განვითარებისთვის“.

რუმინეთის ელჩი საქართველოში რადუ ლივიუ ჰორუმბას განცხადებით, სასიხარულოა, რომ საქართველოს პირველი ღრმაწყლოვანი პორტი ქვეყანაში რამდენიმე წელიწადში ამუშავდება:

„ბედნიერი ვარ, რომ დღეს აქ ვარ და უკვე მეორედ ვსტუმრობ ახალი პორტის მშენებლობის პროცესს. ძალიან საინტერსოა მისი განვითარება, ის ტექნოლოგიები, რასაც მისთვის იყენებენ და პროექტის კონცეფცია. მიხარია, რომ საქართველოს პირველი ღრმაწყლოვანი პორტი ქვეყანაში რამდენიმე წელიწადში ამუშავდება“.

ანაკლიის პორტის საზღვაო სამუშაოები ოცდაოთხსაათიან, უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა დამაღრმავებელმა გემმა „ათენამ“ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ტერიტორიაზე უკვე 4 მილიონამდე კუბური მეტრი ქვიშა ამოტუმბა და ხმელეთზე გადაიტანა. მიმდინარე სამუშოებში, მსოფლიოს წამყვან ჰოლანდიურ კომპანია „ვან ოორდის“ სპეციალისტებთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობაა ჩართული.

ცნობისთვის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მასშტაბური საზღვაო სამუშაოები 2018 წლის 16 სექტემბერს დაიწყო. პორტის პირველი ფაზის გახსნა და გემების მიღება 2020 წლის ბოლოდან იგეგმება.

თარიღი: 2018/10/31