FLY DUBAI ქუთაისიდან რეგულარულ რეისებს იწყებს
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების შემდეგ ავიაკომპანია Fly Dubai პირდაპირი რეისების განხორციელებას ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდანაც იწყებს.

ფრენები 14 ივნისიდან კვირაში 2 სიხშირით - ხუთშაბათსა და კვირას შესრულდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, დამატებითი მგზავრთნაკადის გაზრდის მიზნით, ავიაკომპანიებისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტით სარგებლობის შეთავაზება მუდმივად მიმდინარეობს.

,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის, ქეთევან ალექსიძის განცხადებით, Fly Dubai  ამის ძალიან კარგი მაგალითია. 

„Fly Dubai  თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საკმაოდ ბევრ რეისს ასრულებს. შარშან დაემატა რეისები ბათუმის აეროპორტიდანაც, წელს კი უკვე Fly Dubai ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდანაც იფრენს. ეს ნიშნავს იმას, რომ მგზავრი, რომელიც საქართველოში ჩამოდის, შეუძლია ჩამოფრინდეს თბილისში და უკან გაფრინდეს ქუთაისიდან, ან ბათუმიდან, ან პირიქით. ვფიქრობთ, რომ მგზავრისთვის და ტურისტისთვის მსგავსი სერვისი  ბევრად უფრო საინტერესო და მომგებიანი შეიძლება იყოს-"განაცხადა ქეთევან ალექსიძემ.

ქუთაისი-დუბაის რეისზე ბილეთების შეძენა სასურველი ფასისა და თარიღის მიხედვით ავიაკომპანიის ვებგვერდზე  https://www.flydubai.com/en/  არის შესაძლებელი.

თარიღი: 2018/05/30