2019 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ბიუჯეტი 20 მილიონ ლარამდე იქნება
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, 2019 წელს სოფლის განვითარების პროგრამის ბიუჯეტი დაახლოებით 20 მილიონი ლარი იქნება. მინისტრის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ პროექტების რაოდენობა ან თავად პროექტი არ იქნება ისეთი, რომელიც კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, ეს თანხა რეგიონული განვითარების ფონდში გადაირიცხება და მუნიციპალურ საჭიროებებს მოხმარდება. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

"ვფიქრობთ, რომ ეს პროგრამა არის საინტერესო დღესაც, რადგან სოფერებში არის მცირე პროექტების დაფინანსების ინტერესი. რეგიონული განვითარების ფონდიდან ჩვენ ვაფინანსებთ პროექტებს, რომლის ღირებულება 50 ათასი ლარი და ზემოთ არის, მაგრამ ხშირ შემთხვევაში სოფლებში არის მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების საჭიროება - სკვერების მოწესრიგების, უბნების კეთილმოწყობა, შეკრების ადგილების კეთილმოწყობა, სანიაღვრე არხების გაწმენდა და ა.შ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ეს პროგრამა აღვადგინეთ, მაგრამ არა იმ მასშტაბით, რა მასშტაბითაც იყო გათვალისწინებული მანამდე.

გარდა ამისა, პროგრამა მხოლოდ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მივმართეთ, რაც მის ეფექტურობას მნიშვნელოვანწილად გაზრდის. ბიუჯეტი დაახლოებით 20 მილიონი ლარია", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მინისტრის განმარტებით, პროგრამის ეფექტიანობას თვითმმართველობები გააკონტროლებს. 

როგორც ცნობილია, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2017 წელს გაუქმდა. ის სოფლებში მცირე ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ერთ-ერთ მთავარ წყაროს წარმოადგენდა. გადაწყვეტილებას კი, თუ კონკრეტულად რა პრობლემა მოგვარებულიყო, სოფლის კრების მეშვეობით, თავად მოსახლეობა იღებდა.

ავტორი:
თარიღი: 2018/11/01