მიატოვეს, არ მიიღეს, გააგდეს... – ცნობილი ბიზნესმენების წარმოუდგენელი ისტორიები  
როდესაც ცნობილი ადამიანების ისტორიებს ვეცნობით, უმეტესი მათგანი გვარწმუნებს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია იმედი და რწმენა არასდროს დავკარგოთ. რაც არ უნდა უცნაური იყოს, დღესდღეობით მსოფლიოში ცნობილი, წარმატებული ბიზნესმენები, რომელთაც თანამდეროვე სამყაროს ცვლილებაში უდიდესი როლი აქვთ შეტანილი და ზოგიერთი დღემდე აგრძელებს, ერთ დროს უარით გაისტუმრეს: – მიატოვეს, არ მიიღეს, გააგდეს...

სტივ ჯობსი

სტივ ჯობსი ტექნოლიგიური სამყაროს სახეა, თუმცა 1985 წელს მართვის აგრესიული სტილის გამო, ის  თავისივე დაარსებული Apple-დან გაათავისუფლეს. რამდენიმე წლის შემდეგ, 1997 წელს, ის დაბრუნდა და  Apple მსოფლიოს უმდიდრეს კომპანიად აქცია.

ილონ მასკი

მასკის კარიერა სავსეა წარუმატებლობებით. 1990-იან წლებში ის არ მიიღეს Netscape-ში, ხოლო X.com-ის ყიდვის შემდეგ მისივე დაარსებული PayPal-დან გააგდეს. მიუხედავად ამისა, მასკი ყოველი წარუმატებლობის შემდეგ ცდილობდა, რაიმე ახალი შეექმნა. ასე მაგალითად, PayPal-დან გაგდების შემდეგ დაარსა Tesla, SpaceX, Neuralnik და The Boring Company.

უორენ ბაფეტი

უორენ ბაფეტი 11 წლიდან იყო დაკავებული ინვესტიციებით, თუმცა 19 წლის ასაკში მას ჰარვარდის უნივერსიტეტში მიღებაზე უარი უთხრეს. ამის შემდეგ მან კოლუმბიის უნივერსიტეტის ბიზნესსკოლაში ჩააბარა და ინვესტირების უნარებს დაეუფლა. დღეს ის ერთ-ერთი მსხვილი ბიზნესმაგნატია.

ჯეფ ბეზოსი

ჯეფ ბეზოსი უმსხვილესი ინტერნეტმაღაზია Amazon-ის დამაარსებელი და გენერალური დირექტორია, მაგრამ წარმატება მასთან მარტივად არ მოსულა. 1995 წელს - კომპანიის არსებობის პირველ წელს - როდესაც სიტყვა ინტერნეტიც კი უცხო იყო ინვესტორთა უმრავლესობისთვის, მას უწევდა დაერწმუნებინა ისინი 1 მლნ $-ის ინვესტიცია ჩაედოთ მის ახალ წამოწყებაში, ამისთვის მან 60 შეხვედრა ჩაატარა, რომელთაგან 22 უშედეგოდ დასრულდა.

ბარბარა ქორქორენი

უძრავი ქონების სააგენტო Corcoran Group-ის დამაარსებელ ბარბარა ქორქორენისთვის წარუმატებლობა იღბლიანობის ნიშანია. კარიერის ადრეულ წლებში ის შეყვარებულმა და ბიზნესპარტნიორმა მიატოვა, მაგრამ ამას მისთვის ხელი არ შეუშლია წარმატებული ბიზნესის განვითარებისთვის.

 

ავტორი: მეგი ბენია
თარიღი: 2018/11/02