საქართველოში შესაძლოა ელექტრომობილების ქარხანა აშენდეს
საქართველოში ელექტრომობილების ქარხნის აშენების მიზნით, მოლაპარაკებები ორ ყველაზე ცნობილ ბრენდთან მიმდინარეობს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ინიციატივის – „მწვანე პოლიტიკის” სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პირველი ეტაპის „მწვანე პოლიტიკა -ეკოტრანსპორტი” პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც მან პრეზენტაციაზე აღნიშნა, საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა გეგმა, რომლის მიხედვითაც შემდეგი 10 წლის განმავლობაში ქვეყანაში მოქმედი ავტოპარკის 90 პროცენტი ელექტრომობილებით შეიცვლება. ამასთან, მისი თქმით, ამოქმედდება სალიზინგო სქემა, რომლის მიხედვითაც მომხმარებელი შეიძენს ელექტროავტომობილს და საწვავიდან დანაზოგი სახსრების მეშვეობით, 5-წლიან ვადაში გამოისყიდის ავტომობილს. ასევე, გაიზრდება უპირატესობა განბაჟების კუთხითაც.

„ბუნებრივია, ეს ქმნის მნიშვნელოვან უპირატესობებს. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში გაგვიჩნდება საკმაოდ მსხვილი ბაზარი. ჩვენ უკვე ვაწარმოებთ ორ ყველაზე ცნობილ ბრენდთან მოლაპარაკებას, რომ საქართველოში აშენდეს ელექტრომობილების ქარხანა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, საქართველოში ელექტრომობილების შემოყვანა მომდევნო კვირიდან დაიწყება და შემდეგი ერთი წლის განმავლობაში, ე.წ. ქარშეარინგის პრინციპით, ორი ათასზე მეტი ავტომობილი შემოვა.

„საუბარია საზიარო ავტომობილების პრინციპზე, რომელსაც უზარმაზარი უპირატესობა აქვს. ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს ტრაფიკს ჩვენს დედაქალაქში და ამავე დროს, ხელს შეუწყობს, რომ ელექტრომობილები კიდევ უფრო პოპულარული გახდეს ადგილობრივ ბაზარზე“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის  ინიციატივის – „მწვანე პოლიტიკის” სამოქმედო გეგმის პირველი ეტაპის „მწვანე პოლიტიკა -ეკოტრანსპორტი” პრეზენტაცია კოჯორში გაიმართა. პრეზენტაციას მთავრობის წევრები, დიპლომატები და სხვა სტუმრები ესწრებოდნენ.

თარიღი: 2018/11/04