ყველა ლომბარდი ვალდებული იქნება, ელექტრონულ პლატფორმაზე აღრიცხოს დალომბარდებული ნივთები და მასზე წვდომა შსს-საც ექნება
ფინანსთა სამინისტროს მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, შეიქმნება ერთიანი ელექტრონული პლატფორმა, სადაც ყველა ლომბარდს მოუწევს აღრიცხოს დალომბარდებული ნივთები, რომლებზეც წვდომა ექნება შინაგან საქმეთა სამინისტროსაც. 

ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ლომბარდები კრიმინალის წამახალისებელი წყარო გახდა, ამიტომ მათი საქმიანობის გამჭვირვალეობა აუცილებელია. 

„სამწუხაროდ, ლომბარდების საქმიანობის ზრდასა და კრიმინალს შორის კავშირი იკვეთება. როდესაც კრიმინალური ფაქტი, სხვადასხვა ნივთის ქურდობა ხდება, არსებობს შემთხვევები, რომ ეს ნივთები მიაქვთ ლომბარდში. ლომბარდი გახდა ნაქურდალი ნივთების რეალიზაციის ერთგვარი საშუალება, რაც პრინციპულად მიუღებელია. 

ჩვენ ვამბობთ – თუ გსურთ ამ ბიზნესში დარჩენა, უნდა გახდეთ ტრანსპარანტული. ეს ნიშნავს, რომ კომპიუტერული სისტემის დანერგვის შემდეგ, როცა მიიტანენ ნივთს ლომბარდში ჩასაბარებლად, ის აუცილებლად უნდა აღირიცხოს ელექტრონულად. ​შინაგან საქმეთა სამინისტროს ექნება ჩართულობა, რომ ლომბარდების საქმიანობა გახდეს უფრო გამჭირვალე. გონივრულ ვადაში შეიქმნება ერთიანი კომპიუტერული ქსელი, სადაც ყველა ლომბარდს ექნება ვალდებულება ელექტრონულად აღრიცხოს მიღებული ნივთები, რომ ჩვენ გამოვრიცხოთ კრიმინალური სიტუაციების ალბათობა ლომბარდების საქმიანობაში“ – განმარტა მამუკა ბახტაძემ.

თარიღი: 2018/05/30