მამუკა ბახტაძე: საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი მინიმუმ ორჯერ უნდა გაიზარდოს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ქართველ ჟურნალისტებთან შანხაიში ვიზიტი შეაჯამა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო პირადად პრეზიდენტ სი ძინპინის მიწვევით მონაწილეობდა ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის ძალიან მნიშვნელოვან ფორუმში, რაც ჩინეთში ექსპორტის კიდევ უფრო გაზრდის კარგი საშუალებაა.

„ოფიციალურად გაცხადდა, რომ ჩინეთი აპირებს, მნიშვნელოვანწილად გაზარდოს იმპორტი იმ ქვეყნებიდან, რომლებიც მოწვეული იყვნენ სპეციალურად ამ ფორუმისთვის და საქართველო მათ რიგშია, რისთვისაც მინდა, პირადად პრეზიდენტ სი ძინპინს და ჩინეთის მთავრობას მადლობა გადავუხადო. ჩვენ გვაქვს უნიკალური უპირატესობა - საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც აქვს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ჩინეთთან. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა და ისტორიული შანსი ჩვენთვის, რომ გავზარდოთ ექსპორტი ჩინეთში. ჩვენი ეკონომიკის ყველაზე სუსტი მხარეა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, რაც გამოწვეულია იმით, რომ გაცილებით მეტი პროდუქციის იმპორტი გვიწევს, ვიდრე ექსპორტი გვაქვს, შესაბამისად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, გავზარდოთ ჩვენი საექსპორტო პოტენციალი. ეს პირდაპირ კავშირშია საქართველოში მთავარი ეკონომიკური სიძნელის - სიღარიბის დამარცხებასთან. აქედან გამომდინარე, მივდივართ ძალიან კონკრეტული გეგმით და ვფიქრობთ, შემდეგი 2 წლის განმავლობაში შევძლებთ, მნიშველოვნად გავზარდოთ საექსპორტო პოტენციალი. გვექნება ამოცანა - საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი მინიმუმ ორჯერ გაიზარდოს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

თარიღი: 2018/11/06