გუდაურში სათხილამურო სეზონი 15 დეკემბერს გაიზსნება
ზამთრის კურორტებზე სეზონის გახსნა 8 დეკემბრიდან დაიწყება. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ზამთრის კურორტები სრულად არის გამართული, ასევე ყველა საბაგირომ გაიარა  ტექნიკური დათვალიერება. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

8 დეკემბერს სეზონი ოფიციალურად გაიხსნება კურორტ „გოდერძიზე“, ხოლო „გუდაურში“ - 15 დეკემბერს. ამასთან, დიდველის სათხილამურო ტრასა დამსვენებლებს 8 დეკემბრიდან მიიღებს, თეთნულდი-ჰაწვალის და კოხტა-მიტარბის ტრასები - 22 დეკემბერს.

"რაც შეეხება დანარჩენ კურორტებს, ყველა კურორტი მზად არის ვიზიტორების მისაღებად, საბაგიროებს ჩაუტარდა გეგმური სარემონტო სამუშაოები, სათხილამურო გზები იწმინდება ქვებისგან, საბაგიროს ოპერატორებმა გაიარეს გადამზადების კურსი", - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

უწყების ინფორმაციით, საბაგირო „საძელეზე“ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და 3 დეკემბერს დასრულდება, ინსპექტირებას კი კომპანია კომპანია „დოპელმაიერი“ და „ბიუროვერიტასი“ ჩაატარებენ. 

"საბაგირო გონდოლა შემოწმდა ფრანგული კომპანია „პომას“ მიერ და სრულად გამართულია. საბაგირო „შინოც“ შემოწმდა და ასევე წესრიგშია. რაც შეეხება დანარჩენებს, როგორც მოგეხსენებათ, ამ წუთასაც მიმდინარეობს მშენებლობა გუდაურში, სრულიად ახალი საბაგიროები იქნება „პირველი", „სოლიკო", „ახალი კუდები". რაც შეეხება „ძველ კუდებს“, მისი რენოვაცია მოხდა და ყველა ეს საბაგირო სეზონზე აქტიურად იფუნქციონირებს, რიგების განტვირთვასაც შეუწყობს ხელს, რადგან ამ ახალი საბაგიროების გამტარუნარიანობა 3 ჯერ მეტია", - დასძინეს ეკონომიკის სამინისტროში.

თარიღი: 2018/11/13