„ეროვნული ინოვაციები“ - თანადაფინანსების გრანტების პროგრამა გამოცხადდა
ტექნოპარკში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ მსოფლიო ბანკის პროექტის „ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის” (GENIE) ფარგლებში თანადაფინანსების გრანტების პროგრამა გამოაცხადა. ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ გახსნა, რომელსაც სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი მერსი ტემბონი, ასევე დიპლომატიური კორპუსისა და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები და წინა პროგრამის გამარჯვებული სტარტაპერები დაესწრნენ. გიორგი ქობულიამ „მსოფლიო ბანკს“ და მის გუნდს საქართველოში ინოვაციებისა და სტარტაპების ხელშეწყობის კუთხით გაწეული სამუშაოსთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

მინისტრმა თავის გამოსვლაში საქართველოში ახალი ტექნოლოგიების და ინოვაციური პროდუქტების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკა მცირეა, ამიტომ ის ვერ იქნება ორიენტირებულნი ფართომასშტაბიან, დიდ ეკონომიკურ პროექტებზე:

„ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საშუალო და მცირე ზომის, მაღალი დამატებითი ღირებულების ბიზნესებს და პროექტებს. ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარება ძალიან დიდ როლს თამაშობს. ჩვენ გვინდა, რომ საქართველოში იყოს რაც შეიძლება მეტი ტექნოლოგიური, ინოვაციური ბიზნესი, რომლებიც ძალიან მაღალ ღირებულებას შექმნის, ექსპორტზე ორიენტირებული იქნება, პარალელურად კი ქვეყანას უცხოურ ვალუტას მოუტანს, რაც დღესდღეობით ძალიან გვჭირდება, და მაღალპროდუქტიული სამუშაო ადგილების შექმნის საფუძველი გახდება“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

თანადაფინანსების გრანტების პროგრამა საქართველოში უკვე მეორედ ცხადდება, საგრანტო კონკურსისთვის განკუთვნილი მთლიანი ბიუჯეტი ორ მილიონ ლარს შეადგენს. მოთხოვნილი გრანტის მაქსიმალური ოდენობა ასი ათას ლარს არ უნდა აღემატებოდეს.

კონკურის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება-ათვისების და კომერციალიზაციის გზით ინოვაციების და ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულირება. GENIE პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის, რომელიც დამწყები (ორ წლამდე) კერძო მცირე საწარმოებისთვისაა განკუთვნილი.

ეკონომიკისა და მდგრადი მდგრადი განვითარების მინისტრმა კონკურსის მონაწილეებს წარმატება უსურვა. ამასთან, გიორგი ქობულიას თქმით, ეს ის შემთხვევაა, როცა მონაწილეობა გამარჯვებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია.

„რა თქმა უნდა, ყველა ვერ გაიმარჯვებს, მაგრამ, მერწმუნეთ, ნამდვილად ყველა მონაწილე უნიკალურ გამოცდილებას მიიღებთ, რაც მომავალში გამოგადგებათ - ცოდნის შეძენის, ასევე ახალი კონტაქტების დამყარების თვალსაზრისით“, - აღნიშნა მან.

ავტორი:
თარიღი: 2018/11/20