გადის თუ არა ავიაკომპანია საქართველოს ბაზრიდან? - Wizz Air განცხადებას ავრცელებს
Wizz Air ავიაკომპანიის ბაზრიდან გაყვანის შესახებ დღეს გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე განცხადებას ავრცელებს:

„Wizz Air იშვიათად აკეთებს კომენტარს ავიაკომპანიის შესახებ გავრცელებულ სპეკულაციებზე, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ Wizz Air იყო პირველი საერთაშორისო ავიაკომპანია, რომელმაც ქუთაისის აეროპორტში 2012 წელს რეისი განახორციელა. ბოლო 6 წლის განმავლობაში ავიაკომპანიამ  საქართველოს ქსელში არსებული რეისებით 13 ქვეყნის 20 მიმართულებით 1,5 მილიონზე მეტი მგზავრის გადაყვანა უზრუნველყო. ამასთან, Wizz Air-მა 2018 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 9 ახალი ავიამიმართულება დაამატა, მათ შორის ისეთი ქალაქები, როგორიცაა რიგა, პარიზი, პრაღა, ათენი, ბარსელონა, რომი, ბუქარესტი, ვენა და ვროცლავი. ამასთან, ავიაკომპანიამ 2018 წლის მაისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მეორე ბაზირებული ავიახომალდი განათავსა, რომელიც 100 მილიონ დოლარზე მეტ ინვესტიციას წარმოადგენს. Wizz Air-ის მიზანია საქართველოში არსებული ქსელი გააფართოვოს და ქართველ მოგზაურებს ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ უფრო მეტი დაბალბიუჯეტიანი ავიამიმართულება შესთავაზოს".-ნათქვამია განცხადებაში. 

ცნობისთვის, ავიაკომპანიასთან დაკავშირებით ინფორმაცია გავრცელდა, რომ ის საქართველოს ბაზრიდან გადიოდა. 

თარიღი: 2018/11/27