ბიზნესომბუდსმენი: 6,7%-იან ზრდაში ბიზნესის აქტივობის წილი დიდია
„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, 2018 წლის ოქტომბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 6.7% შეადგინა. ბიზნესომბუდსმენის შეფასებით, ოქტომბრისთვის მშპ-ს ზრდის რეალური მაჩვენებელი ეკონომიკაში პოზიტიურ ტენდენციაზე მიუთითებს. ამის შესახებ „კომერსანტი“ წერს. 

„ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ 6,7%-იან ზრდაში ბიზნესის აქტივობის წილი დიდია, რაც ასახულია სავაჭრო ოპერაციების მიმართულებით ზრდაში, იგულისხმება იმპორტ-ექსპორტის ოპერაციები. ასევე, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები აჩვენებს მნიშვნელოვან ზრდას და სექტორები, რომლებიც ითვლება წამყვან სექტორებად საქართველოს ეკონომიკაში.

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გარემო, და მთავარი - პოლიტიკური გარემო იქნება სტაბილური, რაც მიცემს ბიზნესს მუშაოების აქტიურ რეჟიმში გაგრძელების საშუალებას“ - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2018 წლის ოქტომბერში მშპ-ს რეალური ზრდა 6,7% დაფიქსირდა, 15%-ით გაიზარდა საქონლის ექსპორტი და 303 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, 14.1%-ით გაიზარდა შემოსავლები ტურიზმიდან და 246 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, 11%-ით გაიზარდა წმინდა ფულადი გზავნილების მაჩვენებელი და 116.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, 13.9%-ით გაიზარდა საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოთა ბრუნვა.

თარიღი: 2018/11/30