ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, საავიაციო ნავთის მოხმარება იზრდება
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2018 წლის ნოემბრის თვეში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა 9,0 ათასი ტონა შეადგინა, რაც ოქტომბრის თვის მაჩვენებელთან (8,3 ათასი ტონა) შედარებით 0,7 ათასი ტონით მეტია.

კავშირის ცნობითვე, მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა 92,6 ათასი ტონა შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 8,7 ათასი ტონით, ანუ 10,4%-ით აღემატება.

ქვეყნების მიხედვით, 2018 წლის 11 თვის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა თურქმენეთიდან განხორციელდა- 55,7 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 60,2%-ს შეადგენს. შემდეგ მოდის საბერძნეთი - 28,7 ათასი ტონით (31,0%) და სხვა.

საავიაციო ნავთის იმპორტი და შესაბამისად, მოხმარება მნიშვნელოვნად იზრდება, რაც დაკავშირებულია საქართველოში საერთაშორისო რეისების განმახორციელებელი საჰაერო სატრანსპორტო საშუალებების რეისების ზრდასთან, რომელიც საქართველოში ვიზიტორებისა და ტურისტების მატებას უკავშირდება.

2018 წლის ნოემბრის თვეში საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა 10,4 ათასი ტონა შეადგინა, რაც წინა თვის მაჩვენებელთან (15,5 ათასი ტონა) შედარებით 5,1 ათასი ტონით ნაკლებია. აქედან იმპორტის მთელი ოდენობა ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე მოდის.

მიმდინარე წლის 11 თვის განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა 93,6 ათასი ტონა შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 5,2 ათასი ტონით ანუ 5,3%-ით ნაკლებია. აქედან იმპორტის 99,1% ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე მოდის.

უწყების განცხადებით, სანავთობო ბიტუმი ძირითადად გზების მშენებლობაში გამოიყენება. იმპორტის კლება კი გასულ წელთან შედარებით ნაკლები მოცულობის საგზაო სამუშაოების შესრულებას უკავშირდება.

2018 წლის ნოემბრის თვეში საქართველოში გათხევადებული აირების პროპან-ბუტანის ნაერთის (LPG) იმპორტმა 0,9 ათასი ტონა შეადგინა, რაც ოქტომბრის თვის მაჩვენებელთან (1,1 ათასი ტონა) შედარებით 0,2 ათასი ტონით ნაკლებია.

მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბრის თვეებში გათხევადებული აირების პროპან-ბუტანის ნაერთის (LPG) იმპორტმა 12,8 ათასი ტონა შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 0,9 ათასი ტონით ანუ 6,6%-ით ნაკლებია.

კავშირის განცხადებით, LPG საყოფაცხოვრებო დანიშნულების მიზნით, ავტომობილების გამართვისათვის და სამრეწველო დანიშნულებით გამოიყენება. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში საავტომობილო დანიშნულებით აღნიშნული პროდუქტის მოხმარება იზრდება, რადგან წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ავტომობილების რაოდენობა (დაახლოებით 4 ათას ერთეულამდე), რომლებიც თხევად აირზე მოძრაობს და ამავე დროს გაზრდილია გაზგასამართი სადგურების რაოდენობა ქვეყანაში, საერთო ჯამში აღნიშნული პროდუქციის იმპორტი და მოხმარება მცირდება.

თარიღი: 2018/12/07