ბიზნესომბუდსმენი სასამართლოს მეგობრის სტატუსს მიიღებს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიასა და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ბიზნესომბუდსმენის უფლებების გაზრდაზე იმსჯელებენ.

როგორც ეკა ბესელია განმარტავს, ბიზნესომბუდსმენი სასამართლოს მეგობრის სტატუსს იღებს, რაც მას საშუალებას აძლევს, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მნიშვნელოვანი დახმარება გაუწიოს სასამართლო სისტემას:

„ამ ცვლილების მიზანია, დაეხმაროს ბიზნესომბუდსმენს სასამართლოს მეგობრის როლში, სტატუსში, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში. შესაძლებელია მისი ან მის მიერ მოწვეული ექსპერტების კომპეტენტური აზრი სასამართლოში მხარეს წაადგეს. ანუ ეს არის იდეა, რომლითაც ჩვენ გვინდა, რომ მართლმსაჯულების პროცესში კიდევ უფრო მეტად დავუჭიროთ მხარი იმ შესაძლებლობას, რომლითაც გაჩნდება ალტერნატიული მოსაზრებები, რომლითაც სასამართლოს მეტი შესაძლებლობა ექნება, მოისმინოს ბევრი სხვადასხვა პოზიცია, რათა გადაწყვეტილება იყოს სამართლიანი“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ავტორი:
თარიღი: 2018/12/10