ქობულია: აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ინვესტიციებს სავარაუდოდ 20-30%-ით გაზრდის
ჩვენი ვარაუდით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, პირდაპირი ინვესტიციები ამერიკიდან საქართველოში 20-30 პროცენტით გაიზრდება. ჩვენ ასევე გავზრდით ვაჭრობის მაჩვენებელს აშშ-სთან. ამიტომ ახალი კანონპროექტის მიმართ დიდი ენთუზიაზმით ვართ განწყობილი,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ. 

„მოხარული ვართ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი კანონპროექტი მიიღო, რომელიც ითვალისწინებს ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებას,“ -თქვა ქობულიამ. 

მისი თქმით, კანონპროექტით წარმომადგენელთა პალატამ აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლებს მოუწოდა, გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყების მიმართულებით.

„ჩვენ ძალიან აქტიურად ვაპირებთ 2019 წელს ამ მიმართულებით მუშაობას,“ - განაცხადა გიორგი ქობულიამ. მინისტრის განცხადებით, შეთანხმებაზე მუშაობის დროს შედგება კონსულტაციები როგორც აშშ-ის მთავრობის, ასევე ბიზნესის წარმომადგენლებთან. ეს პროცესი გაზრდის საქართველოს ცნობადობას ამერიკული ბიზნესებისთვის. როდესაც შეთანხმება იქნება ხელმოწერილი, ის გახდება მნიშვნელოვანი პოზიტიური გზავნილი ამერიკის ინვესტორებისა და ბიზნეს საზოგადოებისთვის და საფუძველი, რათა მეტი ინვესტიციები მოვიზიდოთ ამ ქვეყნიდან“ - თქვა გიორგი ქობულიამ.

ავტორი:
თარიღი: 2018/12/18