სინერჯი კაპიტალმა ქარელის ხილთან და ჩაიმანიასთან პარტნიორთა შეთანხმება გააფორმა
დღეს, 21 დეკემბერს, საინვესტიციო კომპანია  სინერჯი კაპიტალის ახალ ოფისში, სინერჯი კაპიტალისა ქარელის ხილის პარტნიორებს შორის დამფუძნებელთა შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. დღესვე, სინერჯი კაპიტალმა გააფორმა დამფუძნებელთა შეთანხმება ჩაისა და ყავის სარეალიზაციო ქსელ ჩაიმანიათან. ცერემონია გაიმართა მისამართზე, სააკაძის დაღმართი N6.

პოტენციალის მკაფიო ხედვიდან გამომდინარე სინერჯი კაპიტალმა მიიღო გადაწყვეტილება შესულიყო ქარელის ხილში, რომელიც დღეს უკვე ადგილობრივ ბაზარზე ფლობს 20%-ს და წარმოდგენილია 11 მაღაზიაში (ქსელში) 15 პროდუქტით. ქარელის ჩირის ძირითადი მიზანია მოსახლეობამ არსებული ტკბილეულობა ჩაანაცვლოს ეკოლოგიურად სუფთა, ჯანსაღი და ქართული ხილისგან წარმოებული პროდუქციით.

დღეიდან სინერჯი კაპიტალის გადაწყვეტილებით მაღალი ხარისხის ჩაისა და ყავის სარეალიზაციო ქსელი „ჩაიმანია“, მისი პორტფელური კომპანია გახდება. დღეს კომპანია „ჩაიმანია“ წარმოდგენილია თბილისში 7 სარეალიზაციო წერტილით, სავაჭრო ცენტრებსა და ჰიპერმარკეტებში.

საინვესტიციო კომპანია სინერჯი კაპიტალი წარმოადგენს სააქციო საზოგადოებას, რომელიც სინერჯი ჯგუფის ინიციატივით შეიქმნა და რომელის მისიაა რაც შეიძლება მეტ ადამიანს შეუქმნას მაღალმომგებიანი საინვესტიციო პორტფელი ისე, რომ მათი ფინანსები და გამოცდილება ხელმისაწვდომი გახდეს აღნიშნული ორგანიზაციებისთვის. ამასთან, მომავლის ლიდერ ორგანიზაციებში გამოავლინოს ზრდის მაქსიმალური პოტენციალი და შემდგომ მოახდინოს მისი რეალიზება.

„ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი პარტნიორობის შედეგად, კომპანია შემდეგ 3 წელიწადში სულ მცირე 3-ჯერ გაიზრდება და გაახარებს თავის ქართველ მომხმარებელს.“- პაპუნა ტოლიაშვილი

„დღეს ჩვენ ბაზარზე წარმოდგენილები ვართ 15 პროდუქტით და რეალურად ვავითარებთ ადგილობრივი გადამამუშავებელ წარმოებას. ასევე, ხელს ვუწყობთ ინტენსიური ბაღების გაშენებას იქ მოყვანილი ხილის მოთხოვნის გაზრდით.

ჩვენ გავედით ექსპორტზე საცდელი პარტიებით, ხოლო შემდეგ 3 წელიწადში ჩვენთან ნაწარმოები პროდუქციის 20% საექსპორტოდ იქნება განკუთვნილი.“ - გიორგი კვირიკაძე

„ქარელის ხილში“ დღეის მდგომარეობით 1,000,000 ლარის ინვესტიციაა განხორციელებული და სწორედ შემდგომი გაფართოების მიზნით ხდება სახსრების მოძიება.

საწარმოში დასაქმებულია 40 ადამიანი, შემდეგი სამი წლის განმავლობაში დასაქმებულთა რიცხვი 120-მდე უნდა გაიზარდოს.

„ჩაის მოხმარება მზარდია მსოფლიოშიც და საქართველოშიც სულ უფრო მოთხოვნადი ხდება მაღალი ხარისხის უალკოჰოლო, ჯანსაღი და სასარგებლო სასმელები, განსაკუთრებით ჩაის მრავალფეროვნება იმდენად დიდი და ამოუწურავია, რომ ჩვენ გვჯერა სულ უფრო მეტი ადამიანი გახდება ჩაის სტაბილური და ერთგული მომხმარებელი. ვთვლით, რომ ჩაიმანია ყველაზე უკეთ შეძლებს ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას და სულ უფრო მეტ ადამიანს შეაყვარებს ჩაის. ვხედავთ პოტენციალს, რომ უკვე მომავალ წელს კომპანია აუცილებლად გაორმაგდება, სამომავლოდ კი ჩვენი ამბიციური გეგმაა რომ 10-ჯერ უფრო დიდი კომპანია მივიღოთ.“ - დიმიტრი ქუმსიშვილი

კომპანიაში დასაქმებულია 20-მდე თანამშრომელი და აქვს მრავალწლიანი პარტნიორული ურთიერთობა მომწოდებელთან - ჩაისა და ყავის საბითუმო გამყიდველ გერმანულ კომპანია Dethlefsen and Balk -თან, რომლიც ექსკლუზიური წარმომადგენელია ამიერკავკასიაში.

 

გაიგეთ მეტი სინერჯი კაპიტალის შესახებ


                         

                           

                           

                           

ავტორი: Business Post
თარიღი: 2018/12/21