ბუკიას ბაღში საახალწლო ბაზრობა „კოოპმარკეტი“ მოეწყო
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით ბუკიას ბაღში საახალწლო ბაზრობა „კოოპმარკეტი“ მოეწყო.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, გამართულ გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედმა აგროპროდუქციის მწარმოებელმა 30-მდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა მიიღო.

„კოოპმარკეტზე“ წარმოდგენილი იყო სახელმწიფოს ხელშეწყობით შექმნილი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ წარმოებული პროდუქცია - თაფლი, ღვინო, ჩაი, ქართული ნუგბარი - ჩირი, ჩურჩხელა, ასევე ხილი და ყველი. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა საახალწლოდ უკვე მეორედ ჩატარდა.

დღეისათვის, საქართველოში სხვადასხვა დარგის 1000-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია რეგისტრირებული. სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით კოოპერაცია აგრარული პროდუქციის წარმოების ზრდას, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სტანდარტების დანერგვას და, შედეგად, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებას უწყობს ხელს.

თარიღი: 2018/12/24