სესხების განულების პროცესი 15 იანვრამდე გაგრძელდება
15 იანვრამდე, ფონდი „ქართუს“ კარი ღიაა ყველა იმ საფინანსო ორგანიზაციისთვის, რომელთა პორტფელი აკმაყოფილებს უკვე დასახელებულ პირობებს, -ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა პრობლემური სესხების განულების პროგრამის მიმდინარეობის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ჯერ კიდევ არის რამდენიმე საფინანსო ორგანიზაცია, რომელიც არ შემოუერთდა ამ პროცესს.

„ზოგი მათგანი სიებს აზუსტებდა, ზოგისთვის პირობები აღმოჩნდა მიუღებელი. თუმცა, როგორც ჩვენთვის ცნობილია, 15 იანვრამდე, ფონდი „ქართუს“ კარი ღიაა ყველა იმ საფინანსო ორგანიზაციისთვის, რომელთა პორტფელი აკმაყოფილებს უკვე დასახელებულ პირობებს. შესაბამისად, ამ ვადაში მათაც შეეძლებათ შეუერთდნენ ამ პროგრამას“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დავალიანების განულების ინიციატივის შესახებ 19 ნოემბერს განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანება გაუნულდება. ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ საფინანსო ინსტიტუტებისადმი მოქალაქეთა დავალიანების განულების ინიციატივა ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით ხდება.

ავტორი:
თარიღი: 2019/01/03