დიპლომატიური ნაბიჯი სავაჭრო ომის ასაცილებლად თუ უგუნური გადაწყვეტილება? - აშშ ეროვნულ საფრთხედ მიჩნეულ ჩინურ კომპანიას სანქციებს მოუხსნის 
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა დღეს  გარიგება გაასაჯაროვა, რომელიც ჩინურ სატელეკომუნიკაციო გიგანტურ კომპანია ZTE-ისთვის მკაცრი ამერიკული სანქციების მოხსნას ეხება. 

შეთანხმების მიხედვით, კომპანია ZTE ჯარიმის სახით მილიარდ დოლარს გადაიხდის და აშშ-ს შეეძლება როგორც კომპანიის საქმიანობის უფრო სიღრმისეული შემოწმება, ასევე საჭიროების შემთხვევაში მისი სტაფის

სანქციების მოხსნის შემდეგ ჩინურ კომპანიას შესაძლებლობა ექნება ითანამშრომლოს ამერიკულ სატელეკომუნიკაციო კომპანიებთან, ის ასევე შეძლებს დაასრულოს გარიგება და ჩინური მხარის თანხმობის შემთხვევაში, უპრობლემოდ შეიძინოს ჰოლანდიური სატელეკომუნიკაციო კომპანია. ჩინური სატელეკომინიკაციო გიგანტისთვის აშშ-სთან ურთიერთობის გაწყვეტა გაკოტრების ტოლფასი იქნებოდა, რადგან ის ამერიკაში დამზადებულ პროდუქციაზეა დამოკიდებული. ZTE-ის მიზანი მომავალი თაობის მობილური ქსელის ე.წ. 5G-ის შექმნაა.  

გასულ კვირას ამერიკამ ჩინეთისთვის ტარიფების დაწესებით პეკინთან დადებული „საზავო" ხელშეკრულება დაარღვია, რომლის მიხედვითაც მოლაპარაკებების დასრულებამდე ტარიფები არც ერთ მხარეს არ უნდა დაეწესებინა. აღნიშნულის შემდეგ, აშშ-ს სავაჭრო მდივანი ვილბერ როსი ჩინეთის დედაქალაქში მოლაპარაკებების გასამართად გაემგზავრა, რომლის წარმატებით დასრულებაც, ექსპერტების აზრით, გლობალურ სავაჭრო ომს თავიდან აიცილებს. 

საერთაშორისო ეკონომიკის ექსპერტები, დღეს გავრცელებულ ინფორმაციას კომპანია ZTE-ისთვის სანქციების შესაძლო მოხსნასთან დაკავშირებით, სწორედ მოლაპარაკებების ნაწილად მიიჩნევენ. მათივე აზრით, აღნიშნული შესაძლოა პრეზიდენტ ტრამპის დიპლომატიური ნაბიჯია, რომელიც მან ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრის წინ გადადგა. შეხვედრა მომდევნო კვირას სინგაპურის სამიტის ფარგლებში გაიმართება. ჩრდილოეთ კორეისთვის ჩინეთი ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია და მისმა ლიდერმა კიმ ჩენ ინმა აშშ-სა და ჩინეთს შორის არსებული სავაჭრო პრაქტიკა გააკრიტიკა. 

ამასთან, ტრამპმა თავის დამოკიდებულება ZTE-ის მიმართ მას შემდეგ შეარბილა, რაც ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა მას თხოვნით მიმართა, გადაეხედა ჩინური სატელეკომუნიკაციო კომპანიისთვის დაკისრებული სანქციები, რომლითაც მას ამერიკაში ყველანაირი საქმიანობა ეკრძალებოდა. 

პრეზიდენტ ტრამპის განცხადებით, ZTE-ის მიმართ დამოკიდებულების შერბილება ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობებზე მიმდინარე მოლაპარაკებებისა და მისი და პრეზიდენტ სი ძიპინს შორის არსებული პირადი ურთიერთობის შედეგია. 

აშშ-ს პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას კრიტიკა მოყვა, მათ შორის რესპუბლიკელების მხრიდანაც. კომპანია ZTE აშშ-ს ეროვნულ საფრთხედ არის მიჩნეული, ამიტომ ტრამპის ამ გადაწყვეტილებამ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები აღაშფოთა. ისინი მიიჩნევენ, რომ კომპანიის პროდუქცია დაუცველია და მისი მონაცემები აგენტურისთვის ხელმისაწვდომი გახდა. 

ჩინურ კომპანიასთან დადებული გარიგება აშშ-ს კიდევ უფრო უხერხულ სიტუაციაში აყენებს, რადგან ის ამის პარალელურად  ისეთ მოკავშირეებს, როგორიც ევროკავშირი, კანადა და მექსიკაა ალუმინსა და ფოლადზე ტარიფების დაწესებით სჯის. 

„ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული და შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ კომპანია ZTE აშშ-სთვის გაცილებით დიდი საფრთხეა, ვიდრე ფოლადი არგენტინიდან ან ევროპიდან. საშინელი გარიგებაა" -წერს „ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე ფლორიდის შტატის სენატორი მარკო რუბიო. 

თარიღი: 2018/06/08