„საპენსიო რეფორმის წარუმატებლობა გამორიცხულია"
საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან სურგულაძემ "ქრონიკის" ეთერში საპენსიო სქემაში ჩართვა განმარტა. კერძოდ, მისი თქმით, აღნიშნული სავალდებულოა საქართველოში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც 2018 წლის 6 აგვისტოს 40 წლის ჯერ არ იყვნენ. 

სურგულაძის განმარტებითვე, დარიცხული ხელფასიდან დასაქმებული დაზოგავს 2%-ს, მას ასევე დამსაქმებელი ამავე ხელფასიდან თვითონ დაუთვლის და დაურიცხავს ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე 2%-ს და სახელმწიფოც ამ ხელფასიდან გამოთვლის 2%-ს და დაურიცხვას მოქალაქეს საპენსიო ანგარიშზე.

რაც შეეხება თვითდასაქმებულ მოქალაქეებს, მათთვის საპენსიო სქემაში ჩართვა ნებაყოფლობითია. 

ლევან სურგულაძის თქმით, ამ რეფორმის წარუმატებლობა გამორიცხულია. მისი განცხადებით, საპენსიო რეფორმა ისტორიული მნიშვნელობის რეფორმაა, რადგან ქვეყანას თავისი საინვესტიციო კაპიტალი შეექმნება, რაც საქართველოში ხელფასების ზრდას, ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას და ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას შეუწყობს ხელს. 

თარიღი: 2019/01/06