სესხის გამცემ სუბიექტებს ეროვნულ ბანკში რეგისტრაცია 30 აპრილამდე შეუძლიათ
სესხის გამცემი სუბიექტებისთვის ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა. ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტის, არჩილ მესტვირიშვილის ბრძანება 4 იანვარს გამოქვეყნდა. 

2019 წლის პირველი იანვრიდან სესხის გამცემი სუბიექტი, რომელიც 20-ზე მეტ პირზე გასცემს სესხს, ეროვნულ ბანკში დარეგისტრირების ვალდებულება აქვს. რეგისტრაციის მოსაკრებელი 10 000 ლარია. 

შესაბამისი დოკუმენტების და ინფორმაციის ეროვნულ ბანკში წარდგენის შემდეგ, სესხის გამცემ სუბიექტს შეუძლია განახორციელოს სესხის გაცემასთან/დაფარვასთან/ამოღებასთან დაკავშირებული ოპერაციები ეროვნული ბანკის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ამოქმედებამდე.

"სესხის გამცემ სუბიექტს, რომელიც სარეგისტრაციო დოკუმენტებს/ინფორმაციას საქართველოს ეროვნულ ბანკში ზემოაღნიშნულ ვადაში არ წარადგენს, 2019 წლის 30 აპრილამდე პერიოდში ექნება მხოლოდ 2019 წლის 1 იანვრამდე გაცემული და მის ხელთ არსებული სესხის/კრედიტის დაფარვასთან/ამოღებასთან დაკავშირებული ოპერაციების განხორციელების უფლება", - ნათქვამია ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტის ბრძანებაში.

თარიღი: 2019/01/08