„თამბაქოს კონტროლის ალიანსი" - სიგარეტზე აქციზი ყოველ წელს საშუალოდ 50 თეთრით უნდა გაიზარდოს
თამბაქოზე აქციზის გადასახადის ზრდასთან დაკავშირებით „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ თავმჯდომარე გიორგი ბახტურიძემ „პირველ არხთან" ისაუბრა.

მისი თქმით, თამბაქოს დამოკიდებულებისგან თავის არიდების, მოწევის შემცირებისა და ამ მავნე ჩვევაზე უარის თქმის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გზა ფასებისა და გადასახადების პერიოდული მატებაა:

„დარჩა კიდევ ერთი „შავი ხვრელი“, ეს გახლავთ ე.წ. ხელით გასახვევი თამბაქო. სამწუხაროდ, მისი დაბეგვრის რეჟიმი საკმაოდ დაბალია – 1 კგ თამბაქოს ფოთოლზე 35 ლარს შეადგენს. 1 კგ თამბაქო კი, ალბათ 100 კოლოფ სიგარეტს დაამზადებს. გადასახადი აქაც 5-6 ჯერ უნდა გაზრდილიყო, რომ მწეველებმა არ დაიწყონ ხელით გასახვევ თამბაქოზე მასიურად გადასვლა“, – განაცხადა გიორგი ბახტურიძემ.

ბახტურიძის განმარტებითვე, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, საქართველო ვალდებულია, აქციზის გადასახადის ჰარმონიზება მოახდინოს.

„აქციზის გადასახადი უნდა გახდეს კოლოფზე 1.8 ევროს ექვივალენტი ლარში. 2026 წლამდე უნდა მოვახდინოთ ჰარმონიზება და თუ დავიანგარიშებთ, ყოველ წელს აქციზი საშუალოდ 50 თეთრით უნდა გაიზარდოს“, – განაცხადა „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ თავმჯდომარემ.

ცნობისთვის, სიგარეტზე ფასი საშუალოდ 50 თეთრით გაიზარდა.

2018 წლის ბოლოს საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, პირველი იანვრიდან იმპორტირებულ ფილტრიან სიგარეტზე ადვალური გადასახადი გაიზარდა – კომპანიებს კოლოფის ღირებულების 10 პროცენტის ნაცვლად, 30 პროცენტის გადახდა უწევთ.

თარიღი: 2019/01/08