კვლევა: ქართველების 52%-ს ინვესტიციები აშშ-დან სურს, 19%-ს კი - რუსეთიდან
საქართველოდან ინვესტიციების მათ ქვეყანაში შესვლა ყველაზე ნაკლებად სომხებს სურთ (4%), ყველაზე მეტად კი - რუსეთს (7%).

ინფორმაციას კვლევითი ორგანიზაცია „აიპიემი" ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, კვლევა რეგიონსა და რუსეთში განხორციელდა, რომლის მიზანი იყო გამოერკვია, თუ რომელი ქვეყნებიდან ისურვებდნენ ადამიანები კაპიტალის, ინვესტიციების, კომპანიების, საწარმოების და ბიზნესმენების შემოსვლას მათ ქვეყნაში. კითხვებს თითოეულ ქვეყანაში 1200-მა რესპონდენტმა უპასუხა.

„აიპიემის" მიხედვით, რეგიონში რუსული კაპიტალის და ბიზნესმენების შემოსვლა თავიანთი ქვეყნის საწარმოების ორგანიზებისთვის ყველაზე მეტად სომხებს სურთ (38%). ამ საკითხთან დაკავშირებით, რუსეთის მიმართ ქართველები აზერბაიჯანელებზე მეტად პოზიტიურად განწყობილები არიან. კერძოდ, ქართველების 19% ქვეყნის საწარმოების ორგანიზებისთვის რუსული ინვესტიციების, კომპანიების და ბიზნესმენების შემოსვლას დადებითად აფასებს.

გამოკითხული ქართველების ნახევარზე მეტს ქვეყანაში ამერიკული ინვესტიციებისა და ბიზნესმენების შემოსვლა სურს (52%). ბევრისთვის სასურველია იგივე ნაკადის გერმანიიდან შემოსვლაც (41%).

„ყველაზე არამიმღებელი უცხოური ინვესტიციების მიმართ აზერბაიჯანელები აღმოჩნდნენ (17%). ამ საკითხის მიმართ ყველაზე მაღალი ღიაობა კი ქართველებმა გამოავლინეს. გამოკითხული ქართველებიდან მხოლოდ 4%-ს არ სურს სხვა ქვეყნებიდან კაპიტალისა და ბიზნესმენების მიღება ადგილობრივი საწარმოების ორგანიზების მიზნით" - ნათქვამია "აიპიმეის" მასალაში.

თარიღი: 2019/01/12