საქართველოს ტურიზმის სფეროში ერთ-ერთი ლიდერი ქვეყნის პოზიცია აქვს - ზურაბ პოლოლიკაშვილი
საქართველოში განხორციელდა მნიშვნელოვანი რეფორმები ტურიზმის სფეროში და საქართველო არის ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა ტურიზმის მიმართულებით, - ამის შესახებ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა ესპანეთში ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს მონაწილეობის კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველომ მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა ტურიზმის სფეროს გასავითარებლად და უკვე 15 წელია აქტიურად მონაწილებს მადრიდის საერთაშორისო გამოფენაში.

„საქართველოს პოზიციონირება ადასტურებს რომ საქართველო არის ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა ამ სფეროში, მას შემდეგ რაც განხორციელდა მნიშვნელოვანი რეფორმები ტურიზმის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ გამოფენის გახსნას დაემთხვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ესპანეთში, რა დროსაც მას ექნება შეხვედრები, მათ შორის, ბიზნესისა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან, ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს და ასახავს იმ მოტივაციას, რაც საქართველოს გააჩნია, რომ საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე შენარჩუნდეს და წარმოდგენილი იყოს, როგორც ლიდერი ქვეყანა“ - განაცხადა პოლოლიკაშვილმა.

მისი თქმით ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა FITUR2019 არის ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიება ტურიზმის სფეროში, რომელსაც ტრადიციულად ხსნის ესპანეთის მეფე. „ჩემთვის იყო დიდი პატივი, რომ მომეცა საშუალება გადამეცა ესპანეთის მეფისთვის გაეროს სახელით ძალიან მნიშვნელოვანი ჯილდო ტურიზმის სფეროში შეტანილი წვლილისთვის. იგი ძალიან კარგად უძღვება ტურიზმის სფეროს, ყოველ წელს უშუალოდ ხსნის ამ გამოფენას, მისი ღვაწლი არის ძალიან დიდი ტურიზმის სფეროს განვითარებაში და მას აქვს კრეატიული ხედვა თუ როგორ შეიძლება შემდგომი წლების პერსპექტივით ამ სფეროს განვითარება“-განაცხადა პოლოლიკაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ტურიზმის საერთაშორისო გამოფენას ასევე დაესწრება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ქართულ პავილიონს მოინახულებს.

თარიღი: 2019/01/26