40 ტექნოლოგიური სტარტაპი 100 000 ლარიანი გრანტის მოსაპოვებლად საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორების წინაშე წარსდგება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის 40 ფინალისტი სტარტაპი 21-22 თებერვალს 100 000 ლარიანი გრანტის მოსაპოვებლად საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორების წინაშე წარსდგება.

სააგენტოს ცნობით, საგრანტო კონკურსის ფარგლებში სულ შემოვიდა 135 განაცხადი, რომლებიც დამოუკიდებელმა საერთაშორისო ექსპერტებმა შეაფასეს. ფინალურ ეტაპზე გადასული სტარტაპებისთვის 11- დან 15 თებერვლის ჩათვლით 9:00-დან 18:00 საათამდე ტექნოპარკში გაიმართება ტრენინგები. ტრენინგის ფარგლებში საერთაშორისო ტრენერები (ქოუჩები) შერჩეულ გუნდებს მოამზადებენ ფინალურ ეტაპზე საინვესტიციო კომიტეტის წინაშე პრეზენტაციების წარსადგენად. პრეზენტაციების შემდეგ 22 თებერვალს გამოვლინდებიან საბოლოო გამარჯვებულები.

თანადაფინანსების გრანტების პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების, შემუშავება-ათვისების და კომერციალიზაციის გზით ინოვაციების და ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულირებას. საგრანტო კონკურსისთვის განკუთვნილი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 2 000 000 (ორ მილიონ) ლარს. მოთხოვნილი გრანტის მაქსიმალური ოდენობა კი არ უნდა აღემატებოდეს 100 000 (ასი ათას) ლარს.

ავტორი:
თარიღი: 2019/01/30