სახელმწიფო თხილის კულტურის დაცვის ღონისძიებებზე დარგის წარმომადგენლებთან ერთად მუშაობს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ზუგდიდში, საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის (GHGA-ის) მე-3 კონფერენციას დაესწრო. კონფერენციაზე თხილის სექტორში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. მინისტრმა ხაზი გაუსვა მეთხილეობის დარგის
განვითარების მნიშვნელობას, დეტალურად ისაუბრა სახელმწიფოს ხედვასა და თხილის კულტურის დაცვის მიზნით დაგეგმილ ხელშემწყობ ღონისძიებებზე.

„მნიშვნელოვანია, რომ ერთობლივი ძალებით გავუმკლავდეთ არსებულ გამოწვევას. თხილის მწარმოებელ ასოციაციაში შარშან რამდენიმე ასეულ ფერმერთან ერთად გამოვცადეთ პროგრამა, რომელმაც ძალიან კარგი შედეგები მოგვცა. ჩვენ უნდა გავზარდოთ ფერმერთა ჩართულობა. წელს 15 ათასამდე ფერმერის ჩართვასა და
მობილიზებას ვცდილობთ თხილის გადარჩენის პროგრამაში. საამისოდ მნიშვნელოვანი საბიუჯეტო სახსრებიც არის გამოყოფილი. პროგრამის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ფერმერებმა ყველა აგროღონისძიება ჩაატარონ იმ რჩევების შესაბამისად, რომლებსაც სამინისტრო და თხილის მწარმოებელთა ასოციაცია ერთობლივად მოამზადებენ. ამ პროცესის ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო შეისყიდის და ასოციაციას გადასცემს 2000 ერთეულ მაღალი ეფექტიანობის შესაწამლ აპარატს და უსაფრთხოების საშუალებებს“, -
განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კონფერენციას დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის ხელმძღვანელმა პიტერ ა. ვიბლერმა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, „თხილის დაცვის პროგრამაზე“ დარგის წარმომადგენლებთან და საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან ერთად, რომელიც 8000-მდე წევრს აერთიანებს, წლის დასაწყისიდან მუშაობს. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოს და ასოციაციის მონაწილეობით, შემუშავებულია კომპლექსური ღონისძიებების გეგმა, რომელიც მეთხილე ფერმერებს საშუალებას მისცემს თხილის დაცვის და მაღალი ხარისხის მოსავლის მიღების მიზნით, მავნებებლების და სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ დროულად და ეფექტიანად
ჩაატარონ აგროსამუშაოები, რათა თავიდან აიცილონ თხილის მოსავლის დაზიანება და ეკონომიკური ზარალი.

თავის მხრივ, მეთხილეთა ასოციაცია, ასოციაციის წევრებს სთავაზობს შეღავათებს მომსახურებაზე: ნიადაგის გამოკვლევა, თხილის მოვლა-მოყვანისთვის აუცილებელი ტექნიკის გამოყენება, მოსავლის შრობა, სასუქებისა და პესტიციდების შესაძენად აგროკრედიტებზე ხელმისაწვდომობა.

კონფერენციას ესწრებოდა პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი, რომელმაც აღნიშნა რომ მეთხილეობის დარგში არსებული

პრობლემური საკითხების გადაჭრისთვის, მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობა. სახელმწიფო რწმუნებულმა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ალექსანდრე
მოწერელიამ ვრცლად ისაუბრა რეგიონში თხილის სექტორში არსებულ ვითარებაზე და დაგეგმილ ღონისძიებებზე.

კონფერენციის მუშაობაში 400-მდე ფერმერი, მსხვილი მწარმოებლები, ექსპორტიორები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი, რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულები, არასამთავრობო, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

თარიღი: 2019/02/11