გიორგი ქობულიამ პარლამენტში ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის ძირითად მიზნებზე ისაუბრა
ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგია მიზნად ისახავს სამ მიმართულებას - სამუშაო ადგილების შექმნა; ვაჭრობადი საექსპორტო პოტენციალის განვითარება და ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარება, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე. გიორგი ქობულიამ პარლამენტარებს დეტალურად გააცნო ეკონომიკური სტრატეგიის მისეული ხედვები.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამუშაო ადგილების შექმნა არ არის უბრალოდ ლოზუნგი. „ ეს ჩვენთვის დიდი გამოწვევაა, ჩვენ ვიცით რომ დღესდღეობით უმუშევრობის დონე იკლებს, მაგრამ მაინც ძალიან მაღალი რჩება, რაც ჩვენი სიღარიბის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა და ჩვენ მიზნად ვისახავთ, რომ მაქსიმალურად შეიქმნას სამუშაო ადგილები“, - აღნიშნა გიორგი ქობულიამ. მისი ინფორმაციით, ყოველწლიურად უნდა შეიქმნას დამატებით 50-70 ათასი სამუშაო ადგილი 2025 წლის ჩათვლით.

რაც შეეხება ვაჭრობადი საექსპორტო პოტენციალის განვითარებას - ეკონო9მიკის მინისტრის განცხადებით: „საქართველოს ეკონომიკა მცირე ეკონომიკაა, ჩვენ ვერ შევძლებთ რასაც მოვიხმართ, იმ ყველაფრის წარმოებას, ყოველთვის გვექნება იმპორტი, ამიტომ ექსპორტიც უნდა გავაძლიეროთ. მაქსიმალურად უნდა გავზარდოთ ის საექსპორტო პოტენციალი, რომელიც გვაქვს, განსაკუთრებით საქონლის ექსპორტი - მომსახურეობის მიმართულებით უკვე არცთუ ისე ცუდი პროგრესი გვაქვს. თუ ჩვენ არ განვავითარებთ საექსპორტო პოტენციალს, საქართველოს ეკონომიკის ზრდას სერიოზული პრობლემები ექნება“.

კიდევ ერთი პრიორიტეი, რომელზე გიორგი ქობულიამ ისაუბრა, ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარებაა. მისი განცადებით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში განვითარდეს ინოვაციები და ტექნოლოგიები, რათა გაიზარდოს პროდუქტიულობა და შემოსავლები. „რათა შევძლოთ, რომ ეკონომიკის ზრდა მუდმივი პროცესი გავხადოთ, რაც ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარების გარეშე შეუძლებელია. თუმცა, უცხოური უინვესტიციების გარეშე ვერ შევძლებთ ამ სფეროს განვითარებას“, -აღნიშნა გიორგი ქობულიამ.

თარიღი: 2019/02/13