„აზიის განვითარების ბანკის მიზანი საქართველოს მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაა" - მამუკა ბახტაძე 
"აზიის განვითარების ბანკი არის საქართველოს უმსხვილესი პარტნიორი, რომლის ლოკალური პორტფელი 2.4 მილიარდ ამერიკულ დოლარს აღემატება და მიმართულია საქართველოს განვითარებისკენ."- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ და აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტ ტაკეჰიკო ნაკაოსთან გამართული ორმხრივი შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. 

„საქართველოს მთავრობა აფასებს ამ მხარდაჭერას და გამოვხატავთ მზადყოფნას არსებული ურთიერთობის შემდგომ ეტაპზე გადასასვლელად. 

აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი ნათელი გამოვლინებაა იმ წარმატებული პარტნიორობისა, რომელიც ჩვენი ურთიერთობის განმავლობაში ჩამოყალიბდა. ამაზე დაყრდნობით, საქართველო და აზიის განვითარების ბანკის თანამშროლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და შევძლებთ ახალი, პრიორიტეტული მიმართულებების ათვისებას, რომლებიც გუშინდელ შეხვედრაზე განვიხილეთ და შევთანხმდით არჩეულ ვექტორზე,“ – აღნიშნა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა.

მამუკა ბახტაძის თქმით, აზიის განვითარების ბანკის მთავარი მიზანია, საქართველოს მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, სიღარიბის დაძლევა და ინფრასტრუქტურის ფორმირებაა. 

„ჩვენ გვაქვს აზიის განვითარების ბანკის სრული მხარდაჭერა მუნიციპალური და ურბანული ინფრასტრუქტურის განვითარებაში, ენერგეტიკასა და გზების მშენებლობაში. ამ მიმართულებებით, აზიის განვითარების ბანკი პირდაპირ პასუხობს ჩვენს გამოწვევებს და გვეხმარება ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის მიღწევაში. ჩვენი მთავარი ამოცანაა, სიღარიბის დაძლევა, ხოლო ეს შეუძლებელია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების გარეშე, ამ მხრივ, ჩვენ გვყავს სანდო და გამოცდილი პარტნიორი, რომელიც რეგიონალური ოფისის დახმარებით, მუდამ მზად არის ხელი შეგვიწყოს ამ უმნიშვნელოვანესი პრობლემის გადაჭრაში,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

თარიღი: 2018/06/16