იანვარში პროდუქტზე ფასები საშუალოდ 2.2%-ით გაიზარდა
საქართველოს ეროვნული ბანკის ინავრის თვის მიმოხილვის მიხედვით, იანვარში სამომხმარებლო კალათაში ფასის ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, სიგარეტზე აქციზის გადასახადის მატების გამო მოხდა. იმპორტული და ადგილობრივად წარმოებული ფილტრიანი სიგარეტები შესაბამისად 12 და 14%-ით, ხოლო ადგილობრივად წარმოებული უფილტრო სიგარეტი 15%-ით გაძვირდა. საერთო ჯამში ამ ცვლილებებმა თვის ინფლაციაზე 0.4 პროცენტული პუნქტით იმოქმედა.

2019 წლის იანვარში წლიური ინფლაცია 2.2%-ს გაუტოლდა, ხოლო დეკემბერთან შედარებით ფასების საერთო დონე 1.3%-ით გაიზარდა.

სეზონური ფაქტორების გამო საგრძნობლად გაძვირდა ზოგიერთი ბოსტნეული და ყველი. იანვარში წლიურ ჭრილში ყველაზე დიდი ცვლილება ასევე ჯამში სიგარეტის გაძვირებას უკავშირდება. 2.2%-იანი ინფლაციიდან თამბაქოს ნაწარმის გაძვირებაზე 0.6 პ.პ მოდიოდა.

დიდი გავლენა ჰქონდა ინფლაციაზე პურის, რომელსაც სამომხმარებლო კალათაში ყველაზე დიდი წონა (3.6%) აქვს, გაძვირებას. იანვარში პური წლიურად 15%-ით გაძვირებული აღმოჩნდა, ხოლო მისმა წვლილმა წლიურ ინფლაციაში 0.5 პროცენტული პუნქტი (პ.პ) შეადგინა.

სებ-ის იანვრის თვის ანალიზის მიხედვით, არ ამოწურულა და კვლავ მნიშვნელოვანი წვლილი ჰქონდა ინფლაციაში საწვავის გაძვირებას (0.2 პ.პ), რაც გასული წლის დასაწყისიდან მსოფლიოში ნავთობის ფასების ზრდას უკავშირდება.

სხვა პროდუქტებიდან აღსანიშნავია ძროხის ხორცის 7%-იანი გაძვირება და 0.2 პ.პ-იანი წვლილი საერთო ინფლაციაში. საპირისპიროდ, ინფლაციის შემცირების მიმართულებით ყველაზე მეტად ვაშლისა და შაქრის გაიაფება მოქმედებდა შესაბამისად 40 და 16%-იანი გაიაფებით და -0.4 და -0.1 პპ-იანი უარყოფითი წვლილით საერთო ინფლაციაში.

ავტორი:
თარიღი: 2019/03/01