ქართულ აბრეშუმს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ქართულ აბრეშუმს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ ანთაძის მიერ გამოცემული შესაბამისი სამართლებრივი აქტი საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა. ობიექტის  მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს დაევალა.

ბრძანება გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.

გადაწყვეტილების გასაჩივრება დაინტერესებული მხარის მიერ საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროში მისი ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაშია შესაძლებელი.

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი  მინიჭებული აქვს ასევე ქართულ სუფრას, ქვევრსა და ქვევრის ღვინის დაყენების ტექნიკას, სამივე სახის ქართულ დამწერლობას, ქართულ ჭიდაობას, ვეფხისტყაოსნის ზეპირად ცოდნის ტრადიციას,  ზარით დაკრძალვის სვანურ რიტუალს, კახური ჩურჩხელისა და კახური პურის დამზადების ტექნოლოგიას, ხალხურ მედიცინას და ა.შ.

ავტორი:
თარიღი: 2018/06/17