რამდენს იხდიან ყავის მოყვარულები საყვარელ სასმელში? – 5 ყველაზე ძვირადღირებული ყავა
ყავა მთელ მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული სასმელია. ის უამრავი ადამიანის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. ბევრი მის გარეშე ვერ ძლებს, ბევრიც ძალიან დიდი რაოდენობით იღებს და სასმელზე საოცრად დამოკიდებული ხდება. 

ყავის მოყვარული ადამიანების სიმრავლემ, ბუნებრივია, მისი წარმოება და რეალიზება მსოფლიოს ერთ–ერთ უმსხვილეს ბიზნესად აქცია. უამრავ ქვეყანაში არსებობს სპეციალური ყავის მაღაზიები და ყავის სახლები. 

ზოგადად ყავა ძვირადღირებულ სასმელად არ მიიჩნევა და მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში უამრავი ადამიანისთვის არის ხელმისაწვდომი. თუმცა, არსებობს რამდენიმე სახის ყავა, რომლის ღირებულებაც ძალიან მაღალია. ზოგის მაღალ ფასს ყავის ხის ჯიში, ზოგის – იშვიათობა, ზოგის კი დამზადების ტექნოლოგია განსაზღვრავს. 

HACIENDA EL ROBLE – $100

                            

ყავის ხეები, რომლითაც HACIENDA EL ROBLE მზადდება მხოლოდ სამხრეთ კოლუმბიაში ერთ–ერთ ფერმაში ხარობს. მისი წარმომავლობა საიდუმლოებით არის მოცული. მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ როდესაც ფერმის მეპატრონემ ხეები შეიძინა ისინი ყავის ცნობილი ჯიში – "გეიშა" ეგონა, თუმცა სეზონის ბოლოს მიხვდა, რომ რაღაც განსაკუთრებულთან ჰქონდა საქმე. 

ყავის მაღალ ფასს, განსაკუთრებული არომატის გარდა, მისი სიმცირეც განსაზღვრავს. მისი მოსავალი წელიწადში მხოლოდ 22 კგ–ია. ყავა HACIENDA EL ROBLE შეძენა მხოლოდ ავსტრალიის ქალაქ მელბურნშია შესაძლებელია. 

OSPINA DYNASTY GRAN CAFE PREMIER GRAND CRU – $150

                            

OSPINA DYNASTY GRAN CAFE PREMIER GRAND CRU–ს ისტორია 1835 წელს იწყება და ძმების სახელთან არის დაკავშირებული. მისი მოყვანა და რეალიზება  სწორედ ძმებმა ოსპინებმა დაიწყეს, რომლებიც ციხიდან იყვნენ გაქცეულნი. საბოლოოდ, ძებნილების მიერ წარმოებული ყავის ერთი ფინჯანი მსოფლიოს ერთ–ერთ ძვირადღირებულ ყავად იქცა და ოსპინების ოჯახიც კოლუმბიის გავლენიან ბიზნესმენებად აქცია. ამ გვარის სამი წარმომადგენელი ქვეყნის პრეზიდენტის პოსტსაც იკავებდა. 

იმ ჯიშის ხე, რომლითაც ყავა ოსპინა მზადდება მხოლოდ კოლუმბიაში, 7 500 ფუტის სიმაღლეზე მოდის.



HACIENDA LA ESMERALDA – $350 

                              

ყავის ბევრი მოყვარული HACIENDA LA ESMERALDA–ს მსოფლიოს საუკეთესო ყავად მიიჩნევს. ის პანამაში, ბოკუტის რეგიონში იზრდება და ცნობილი "გეიშას" ჯიშის ერთ–ერთი სახეობაა. მისი მოყვანა მხოლოდ ზღვის დონიდან 1 500 მეტრ სიმაღლეზეა შესაძლებელი. 

რომ აღარაფერი ვთქვათ მის შეუდარებელ გემოზე, ყავა HACIENDA LA ESMERALDA–ს მაღალ ფასს მისი იშვიათობაც განსაზღვრავს. მისი ხე მოსავალს რამდენიმე წელიწადში ერთხელ იძლევა და მოსავლელადაც საკმაოდ შრომატევადია. 

KOPI LUWAK – $600

                              

KOPI LUWAK მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ყავაა და მისი მაღალი ღირებულების შესახებაც უამრავმა ადამიანმა იცის. მისი სამშობლო ინდონეზიაა. KOPI LUWAK კუნძულ იავაზე, პატარა ცხოველ ციბეტას დახმარებით იწარმოება. ციბეტა ჭამს ყავის ხის ნაყოფს, რომელიც ცხოველის კუჭ-ნაწლავს გაივლის და გამოდის ექსკრემენტებთან ერთად მოუნელებელ მდგომარეობაში. ცხოველის საჭმლის მომნელებელი ფერმენტები ყავის მარცვლებში ცვლიან პროტეინების სტრუქტურას, რაც ყავის მჟავიანობას ამცირებს და უფრო სასიამოვნო გემოს სძენს. ყავის წარმოების მიზნით ინდონეზიის კუნძულ იავაზე უამრავი ციბეტა დაატყვევეს. გასულ წელს ორგანიზაცია World Animal Protection–მა ციბეტების მდგომარეობა შეისწავლა. დასკვნაში ნათქვამია, რომ ცხოველები საშინელ პირობებში ჰყავთ და მათი უმრავლესობა იტანჯება. 

ყავა KOPI LUWAK–ი ბაზარზე ძალიან შეზღუდული რაოდენობით იყიდება. ყოველწლიურად დაახლოებით  1 000 ფუნტის რეალიზება ხდება. 

                              

BLACK IVORY- $1,500

                               

KOPI LUWAK–ის ანალოგიურად მზადდება BLACK IVORY, თუმცა ამ შემთხვევაში ცხოველი ციბეტას ნაცვლად სპილოა. ყავას ტაილანდში აწარმოებენ, მის მარცვლებს ტაისის ჯიშის სპილოებს აჭმევენ.  ციბეტას მომნელებელი სისტემის მსგავსად, სპილოს კუჭ-ნაწლავიც ყავის მარცვლებში მჟავიანობას ამცირებს, ცილებს შლის და ყავას განსაკუთრებულ გემოსა და არომატს სძენს. მსოფლიოსი ყველაზე ძვირადღირებული ყავის დაგემოვნება ტაილანდსა და მალდივის კუნძულებზეა შესაძლებელი. მისი რეალიზებიდან შემოსული თანხის ნაწილი სპილოების დაცვის ფონდში ირიცხება. 

                            

თარიღი: 2019/03/06