საქართველოდან ვაშლის ექსპორტი 140-ჯერ გაიზარდა
საქართველომ 2019 წელს, იანვარში 847 ტონა ვაშლის ექსპორტი განახორციელა.

როგორც bpn წერს East fruit  - ზე დაყრდნობით, აღნიშნული მაჩვენებელი საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში რეკორდულია. შედარებისთვის, 2018 წლის იანვარში საქართველოდან ექსპორტზე 6 ტონა ვაშლი გავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე წლის იანვარში ქვეყანამ 140-ჯერ მეტი გადაზიდვა განახორციელა.

„საქართველოში ვაშლის წარმოება მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც 2018 წლის შემოდგომაზე შიდა ბაზარზე პროდუქტის ფასის მკვეთრი დაცემა გამოიწვია და ეს ტენდენცია ამ დრომდე შენარჩუნდა. ვფიქრობთ, რომ საქართველომ პროდუქტის გასაღების ბაზარი სხვა ქვეყნებშიც უნდა ეძებოს. დღეის მდგომარეობით, მისი ბუნებრივი არჩევანი რუსეთის ბაზარია, სადაც ხარისხზე მაღალი მოთხოვნები არ არის, ამასთან, ფასები დაბალია, ხოლო „ანტისანქციების“ შედეგად კონკურენცია ხელოვნურად შეზღუდული. ამის გამო, საქართველოდან ექსპორტირებული ვაშლის 92% სწორედ რუსეთს მიეწოდა“,- განაცხადა Fao-ს ეკონომისტმა ანდრეი იარმაკმა.

მისივე თქმით, სეზონის პირველ ნახევარში (2018 წლის აგვისტოდან 2019 წლის იანვრის ჩათვლით) საქართველომ უკვე 2,6 ათასი ტონა ვაშლი გაყიდა, რაც წინა წელთან შედარებით, 30-ჯერ მეტია.

როგორც ანდრეი იარმაკმა აღნიშნა, საქართველოდან რუსეთში ვაშლის მიწოდება თითქმის, 100%-ით გაიზარდა.

საქართველოდან ვაშლის ექსპორტი განხორციელდა რუსეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და სომხეთში. ასევე, შედარებით მცირე რაოდენობა ყაზახეთში.

თარიღი: 2019/03/14