მამუკა ბახტაძე: ყველა დოკუმენტი, რაც საგადასახადო ორგანოებსა და ბიზნესს შორის ბრუნავს გაუქმდება და შეიქმნება ერთი - ციფრულ ფორმატში  
„ყველა დოკუმენტი, რაც საგადასახადო ორგანოებსა და ბიზნესს შორის ბრუნავს, გაუქმდება და სანაცვლოდ შეიქმნება ერთი - ციფრულ ფორმატში" - ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ პარლამენტში სამთავრობო პროგრამის წარდგენისას განაცხადა. 

მან ყურადღება ადმინისტრირების გამარტივების მნიშვნელობაზე გაამახვილა. ბახტაძის თქმით, დაგეგმილი რეფორმის განხორციელება კერძო მეწარმეებისთვის მაქსიმალურ ეფექტიანობას და კომფორტს უზრუნველყოფს. 

„მოგეხსენებათ, ბიზნესისთვის რამხელა პრობლემაა და რამდენად შემაფერხებელია ის მექანიზმები, რომლითაც ხდება ადმინისტრირება, არ ვგულისხმობ საგადასახადო ადმინისტრირებას. ჩვენ მაქსიმალურად გავამარტივეთ ეს ყველაფერი, შემოვიტანეთ ციფრული ტექნოლოგიები, მაგრამ გვჭირდება კიდევ უფრო მეტი გამარტივება.

აქედან გამომდინარე, ერთ-ერთი რეფორმა, რომელსაც ბევრი თქვენგანი კარგად იცნობს, არის ის, რომ გავაუქმოთ ყველა დოკუმენტი, რაც დღეს ბრუნავს საგადასახადო ორგანოებსა და ბიზნესს შორის. გავაუქმოთ ყველა მათგანი და შევქმნათ ერთი, ისიც ციფრულ ფორმატში“– განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

თარიღი: 2018/06/21