რას ნიშნავს ქვეყნის საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესება - ფინანსთა მინისტრის განმარტება
„მთავარი სიკეთე, რაც მოაქვს საერთაშორისო რეიტინგების გაუმჯობესებას, არის ინვესტორების მხრიდან ქვეყნის მიმართ დაინტერესების ზრდა, რაც კონვერტირდება ეკონომიკურ ზრდასა და სამუშაო ადგილების შექმნაში", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Standard & Poors-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესების შეფასებისას ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ჩართვისას განაცხადა:

„როდესაც მატულობს ქვეყნის მიმართ სანდოობა და დაბალია რისკები, გაცილებით იოლად შემოდის ფულადი სახსრები. შესაბამისად, ხორციელდება მეტი ინვესტიცია. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი კონვერტირტება ახალ სამუშაო ადგილებსა და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდაში. შესაძლებელია მოსახლეობამ მაშინვე ვერ იგრძნოს ეს სიკეთე, თუმცა მთავარია, შენარჩუნდეს ეკონომიკური მდგრადობა, არ მოხდეს რეფორმების დღის წესრიგიდან გადახვევა. მნიშვნელოვანია ვიყოთ ერთგულები იმ ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების, რომელსაც ვატარებთ. ეს არის დროში გაწერილი პროცესი, რომელიც გარანტირებულად მოიტანს სიკეთეს, რასაც ჰქვია მეტი ინვესტიცია, მეტი სამუშაო ადგილი და მეტი კეთილდღეობა", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

ავტორი:
თარიღი: 2019/04/14