"8000 მოსავალი" აბაშიძის ქუჩაზეც გაიხსნა
ღვინის მაღაზიებისა და ბარის კომპანიამ – "8000 მოსავალი" თბილისში ახალი ფილიალი გახსნა. აბაშიძის ქუჩის 60 ნომერში მისულ სტუმრებს როგორც ღვინის შეძენა, ასევე მისი სხვადასხვა აპეტაიზერთან ერთად დაგემოვნება შეეძლებათ. 

ბარში ღვინის მირთმევა მაღაზიის თაროს ფასით, ყოველგვარი ნამატის გარეშეა შესაძლებელი. 

ახლა თაროზე, როგორც საოჯახო და მცირე მარნებიდან, ასევე ინდუსტრიული მეღვინეობებიდან, 723 რჩეული ღვინოა წარმოდგენილი. "8000 მოსავალში" საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის იშვიათი ჯიშის ყურძნისგან დამზადებულ ღვინოს შეხვდებით. ბარ/მაღაზიის თაროზე ყველა ღვინო მხოლოდ ფარული დეგუსტაციის გავლის შემდეგ ხვდება. 

"8000 მოსავალი" თბილისში პირველად 2 წლის წინ, ქალაქის  ურბანულ ნაწილში – სულხან ცინცაძის 26 ნომერში გამოჩნდა. კომპანიის მარკეტინგის მენეჯერის, მარიამ მარსაგიშვიის თქმით, "8000 მოსავალის" მისიაა, მაქსიმალურად მეტ ადამიანს გაასინჯოს და შეაყვაროს კარგი ქართული ღვინო, რაც პირველ რიგში, საზოგადოებაში ღვინის სმის კულტურის განვითარებით უნდა მოხდეს. 

საქმიანობის ორი წლის განმავლობაში კომპანიაში თანამშრომელთა რაოდენობა  17-დან 36–მდე გაიზარდა. ფარულ დეგუსტაციაზე დაგემოვნდა ​2 500–მდე ღვინო, საიდანაც 723 შეირჩა. დღეს "8 000 მოსავალი" 173 მეღვინეობის პროდუქციას ყიდის. კომპანია ქსელის კიდევ უფრო გაფართოებასა და მაღაზია/ბარების საქართველოს სხვა ქალაქებში გახსნასაც გეგმავს. 

თარიღი: 2018/06/22