მამუკა ხაზარაძე განმარტავს რატომ შეიტანა ბანკმა სარჩელი სასამართლოში
სასამართლოში „თიბისი ბანკსა” და „მარტელო გრუპ ლიმიტედს” შორის დავა ნიშნავს, რომ დასამალი არაფერია და ეს პროცესი არის გამჭვირვალე, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, 2008 წლის ტრანზაქციით მხოლოდ ორი ადამიანი დაზარალდა:

„ამ პროცესში დაზარალებული არის მხოლოდ ორი ადამიანი: ბადრი ჯაფარიძე და მამაუკა ხაზარაძე. 2008 წლის ტრანზაქციით ჩვენ დავზარალდით, როგორც აქციონერები, ჩვენ მორალური თვალსაზრისითაც და ფინანსური თვალსაზრისითაც მართლები ვართ, აქციონერების წინაშეც. მაშინ გახსოვთ, რომ 10-10 პროცენტი ჰქონდა მსოფლიო ბანკსა და გერმანიის განვითარების ბანკს. არასდროს ამ ტრანზაქციასა და სხვა ტრანზაქციებზე არ ყოფილა კითხვები. ბანკი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის პოზიციას, რომ იქ არაფერი ყოფილა“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მან ასევე ბანკის მიერ სასამართლოში სარჩელის შეტანა განმარტა:

„ბანკმა და არა აქციონერებმა, გადაწყვიტა, შეიტანოს ეს სასამართლოში, რომ ნათელი იყოს ყველაფერი, რადგან ბევრი კითხვა გაჩნდა. სასამართლო პროცესი ნიშნავს, რომ ყველა კითხვას პასუხი გაეცემა. იცით, პარარელურად მიმდინარეობს გამოძიება ე.წ. ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ჩვენ იქიდან პასუხი ვერ მივიღეთ. იმედი გვაქვს, სასამართლო წესით ყველაფერი კიდევ ერთხელ ნათელი იქნება საზოგადოებისთვის. ბანკმა შეიტანა 17 მილიონის ტრანზაქციაზე სარჩელი მხოლოდ იმის გამო, რომ პარალელურად მიმდინარეობს პროკურატურაში გამოძიება ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით და ეს პროცესი ნათელს მოჰფენს არა მარტო იმას, რაც ფარულად მიმდინარეობს ჩვენს წინააღმდეგ, არამედ მთელ იმ საქმეს, რა მოხდა, როგორ მოხდა და კიდევ ერთხელ დარწმუნდება საზოგადოება, სად იდგა ბანკი მაშინ, სად დგას ახლა, სად დგანან აქციონერები და ვინ დაზარალდა“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

თარიღი: 2019/05/01