როგორ შეინარჩუნებს საქართველო დიდ ბრიტანეთთან თავისუფალ ვაჭრობას Brexit-ის შემდეგ
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ტექსტის პროექტის განხილვის მიზნით ტექნიკური კონსულტაციების მეორე რაუნდი გაიმართა.

ვაჭრობასთან დაკავშირებული ნაწილის მოლაპარაკებებს საქართველოს მხრიდან ხელმძღვანელობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ხოლო დიდი ბრიტანეთის მხრიდან დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის ოფისის ევროპასა და ცენტრალურ აზიასთან მთავარი მომლაპარაკებელი სარა კროფტი.

დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პროცესიდან გამომდინარე, ორივე მხარის მიზანია, არ შეფერხდეს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით მხარეთა შორის დარეგულირებული პოლიტიკური და სავაჭრო ურთიერთობები და მოლაპარაკებულ იქნას ორმხრივი შეთანხმება.

სამინისტროს ცნობით, ეს შეთანხმება ბრიტანეთთან ურთიერთობებში ჩაანაცვლებს ასოცირების შეთანხმებას და ამასთან, უზრუნველყოფს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შენარჩუნებას საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის.

ამასთან მხარეთა განიხილეს მიმდინარე წლის იანვარში, ლონდონში კონსულტაციების პირველ რაუნდის შემდეგ დარჩენილი ღია საკითხები, მათ შორის საბაჟო, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული, ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების, გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვისა და სხვა სფეროებში.

მხარეთა მიზანია შეთანხმების საბოლოო ტექსტის შეჯერება უმოკლეს ვადაში, რითაც Brexit-ის შემდგომ უზრუნველყოფილი იქნება არსებული თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შენარჩუნება.

ავტორი:
თარიღი: 2019/05/02